25.სექტემბერი .2019 11:55

კალაძის “ბოლო გაფრთხილება” კონტრაქტორ კომპანიებს - “ბოლო-ბოლო უცხოელებს ჩამოვიყვანთ”

views 22107
უკან

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა. კალაძე კონკრეტულად 2 პროექტს შეეხო, ესენია გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოები.

კალაძე ამბობს, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დასრულდება და კიდევ ერთხელ მოხდება შემთხვევა, როცა ადგილზე ტექნიკა გაჩერებულია და არავინ მუშაობს, კომპანიებთან ხელშეკრულებები შეწყდება.

"მინდა შევეხო გლდანში ხიზანიშვილი - ვეკუას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს. ეს იქნება ბოლო გაფრთხილება იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს (მერის მაოდგილე) მინდა დავავალო - თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, ამას საზოგადოება ხედავს.

როცა სამუშაოების დასათვალიერებლად მივდივართ, მოჩვენებით გვაჩვენებენ, რომ ყველა ჩართულია, მუშაობს, მიდის ფუსფუსი. გამოვდივართ 2-3 დღის შემდეგ 5-6 კაცი მუშაობს, დაათრევს ამ ჭებს იქით და აქეთ. ეს პირდადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია და შეურაცხმყოფელია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები იმისთვის, რომ იქ სამუშაოები რაც შეიძლება მალე იყოს დასრულებული”, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, როგორც კი მსგავსი რამ განმეორდება, მაშინვე უნდა დაიწყოს ალტერნატიული კომპანიის ძიება.

“კიკვიძის პარკის სამუშაოები - აქაც ბოლო გაფრთხილება. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებსაც (მივმართავ), ვინც უშუალოდ კურირებს, მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, თუ როგორ მიდის სამუშაოები. 2-3 დღის განმავლობაში კაცი-შვილი პარკში არ მუშაობს, მიგდებული, მიყრილი ყველაფერი, ტექნიკა გაჩერებული... კი, კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თუ სამუშაოები დამთავრება ადრე არის შესაძლებელი, გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ხალხი როცა ხედავს, რომ გადათხრილია ყველაფერი და არავინ მუშაობს, ეს ძალიან მტკივნეულად აღიქმება და სწორია ადამიანი, როცა კითხვის ნიშნები უჩნდება ჩვენს მიმართ.

მიეცით ბოლო ვადა - ერთი დღე როგორც კი იქ არ იქნება სამუშაოები, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება. უბრალოდ დავიღალე, 24 საათის განმავლობაში გვიწევს პირდადად მეც, თქვენც, დავდივართ, თავზე ვადგავართ, ამას როგორ აკეთებენ, იმას როგორ აკეთებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მენეჯმენტი არ ვარგა...უბრალოდ, მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, "ჯიპს" იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ “ვსო”, უკვე კომპანია მაგარი აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი... მიდის მერე პირამიდებით, რაღაცეებს მაიმუნობენ... სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები”,- განაცხადა კალაძემ.

მანვე მოუწოდა შესაბამის პირებს, ორივე კომპანია მერიაში დაიბარონ.

“დაიბარეთ ეს ორივე კომპანია და ბოლო გაფრთხილება მიეცით, ბოლო-ბოლო ჩამოვიყვანთ უცხოელებს და ვანახებთ როგორ უნდა განხორციელდეს ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები”,- განაცხადა კალაძემ.

კიკვიძის ბაღში სამუშაოებს კომპანია “ინშაათ საქართველო” ახორციელებს, ხიზანიშვილი - ვეკუაზე კი -  კომპანია “ენ სი სი”.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა