მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამერებზე ტექნიკური მოთხოვნები ხარჯს გაგვიზრდის - რიტეილ ასოციაცია მთავრობის დადგენილებაზე

6246eb7359c1a
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 23:20
927
მიმდინარე წლის მარტში მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო, რომლითაც ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს, აფთიაქებს, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და სხვა ბიზნეს ობიექტებს ვიდეოკამერების დამონტაჟების ვალდებულება ექნებათ. ცვლილება მომავალი წლის ივნისიდან შევა ძალაში.

როგორც რიტეილ ასოციაციის ხელმძღვანელი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, დადგენილებაზე საკუთარი შენიშვნები უკვე მოამზადეს და ბიზნეს ასოციაციასაც გადაუგზავნეს. ასოციაციის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ მთავრობა სავაჭრო ობიექტების შენიშვნებს გაითვალისწინებს, სანამ დადგენილება სრულად შევა ძალაში.

“დადგენილება ასევე ითვალისწინებს 5 მგ/წმ ინტერნეტის სიჩქარის მოთხოვნას, რომელიც ხარჯს არათუ აძვირებს, არამედ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შეუძლებელიც კი არის მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება, გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე ზოგიერთ რეგიონში შეუძლებელია გვქონდეს. მოგეხსენებათ, ქსელურ მარკეტებს მთელ საქართველოში ბევრი მაღაზია აქვთ და იქ უკვე დაყენებულია კამერები. ახალი დადგენილებით შესაცვლელი იქნება არსებული კამერები, რომლებიც უკვე ათასობით მაღაზიაშია დამონტაჟებული, რაც გარკვეულწილად ხარჯებთან არის დაკავშირებული", - ამბობს მანჯგალაძე.

მთავარი მოთხოვნაა რომ ფოტო-ვიდეოტექნიკამ მაღალი გარჩევადობა უზრუნველყოს, რასაც სჭირდება, განათება და სხვა ტექნიკური მახასიათებლები. ვიდეოკამერა უნდა იყოს ქსელური, უნდა ფარავდეს 20 მეტრის რადიუსს, დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ობიექტის ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას და ასევე, უნდა ჰქონდეს ISO სერტიფიკატი.

“კამერებზე ტექნიკური მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე დღეს მაღაზიებშია დამონტაჟებული. ეს ხარჯს ზრდის. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ეს საკითხი გათვალისწინებულ იქნას და მოერგოს იმ მოთხოვნებს, რაც მაღაზიებში უკვე არსებულ კამერებს აქვთ. მეორე - ინტერნეტის საკითხია. კანონის აღსრულება რომც გვინდოდეს, ამ ნაწილში ბევრ რეგიონში უბრალოდ ვერ შევძლებთ. ასევე გვაქვს შენიშვნები აღსრულებასთან დაკავშირებით. ვითხოვთ განმარტებებს, რადგან როგორც ყველა კანონს, გარკვეული ბუნდოვანება ამ დადგენილებსაც აქვს. ეს შენიშვნები და კომენტარები მიწოდებულია, როგორც გავარკვიეთ, ჩაინიშნება შეხვედრა და ვიმედოვნებთ, ცვლილებები აუცილებლად იქნება მიღებული”, - აცხადებს მანჯგალაძე.