მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უსამართლო იყო და ამაში ხშირად პარტნიორებიც გვეთანხმებიან - დარჩიაშვილი

6478953897208
BM.GE
01.06.23 17:23
471
დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის ერთადერთი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მინისტრის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო უსამართლო.

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იყო უსამართლო და ამაზე ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ამ ჩვენს პოზიციას, ხშირ შემთხვევაში უკვე ჩვენი პარტნიორებიც ჩვენს საუბრებში ეთანხმებიან და ყველა ხედავს საჭიროებას და იმის აუცილებლობას, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებებზე, ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნებაზე მომავალში და ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა იყოს ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული, რადგან საქართველო ერთი მხრივ გამოწვევების ფონზე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი პარტნიორები აუცილებლად უნდა ხედავდნენ საჭიროებას მათგან შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმის და ეს არის დისკუსიის საგანი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთ სწორ და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რაც სწორედ ამ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არის ერთადერთი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი ყველას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტს და თქვა, რომ პრემიერი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში. დარჩიაშვილის თქმით, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ერთი მხრივ, ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება როგორც ვიცით, ახლად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და რომელსაც ევროკავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ეს არის უკვე მეორე სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ახალი სივრცე, ნებისმიერი ახალი პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება, ჩვენთვის მისასალმებელია და სწორედ ამის დასტურია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში და ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ ჩვენს გამოწვევებზე და მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომელიც დღეს ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, დღეს ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმ ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და მომავალზე, რომელთა საგარეო პოლიტიკაშიც ევროპული ინტეგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მთავარი აქცენტები ჩვენი ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენი ყველას საერთო მიზანია - საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საჭიროება. სწორედ ამ გადაწყვეტილების და ამ საჭიროებების კონტექსტში გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტები, ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და ვფიქრობ, რომ ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მათთვის გასაგებად იყო განმარტებული ჩვენი ქვეყნის გამოწვევები და საჭიროება და იმ გადაწყვეტილების აუცილებლობა, რასაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ჰქვია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.