მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანიე უესტი მილიარდერი აღარ არის - მიზეზი Adidas-თან შეწყვეტილი თანამშრომლობაა

635913389dd08
გიორგი თოლორდავა
26.10.22 15:40
2660
მიმდინარე კვირას კანიე უესტის დაღმასვლამ ერთგვარ კულმინაციას მიაღწია - ამერიკელმა მუსიკოსმა და დიზაინერმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა, რაც Adidas-ის მიერ მასთან შეწყვეტილი თანამშრომლობითაა განპირობებული.

"რასაც მინდა იმას ვიტყვი, თუნდაც ანტისემიტური ან რასისტული იყოს, Adidas-ი ვერაფერს მიზამს, ჩემთან ურთიერთობას ვერ შეწყვეტს - მე თავად ვარ Adidas-ი", - ამბობდა უესტი.

როგორც ჩანს, ცნობილმა რეპერმა საკუთარი და ოპონენტის შესაძლებლობები ამჯერადაც არასათანადოდ შეაფასა, რადგან სწორედ გუშინ კომპანია Adidas-მა უესტთან თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა, მისი ბრენდის ფეხსაცმლის ხაზი Yeezy კი - შეაჩერა.

მართალია, უესტი თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერია, თუმცა მისი ქონების შემოსავლის ძირითადი წყარო არა მუსიკალური შემოქმედება, არამედ Adidas-თან გაფორმებული კონტრაქტი იყო.

Frobes-ის შეფასებით, წლის დასაწყისში კანიე უესტის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აქედან 1.5 მილიარდი დოლარი კი სწორედ Adidas-თან გაფორმებულ კონტრაქტზე მოდიოდა, რომელიც უესტმა სწორედ გუშინ დაკარგა.

ზემოხსენებულ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკულმა Forbes-მა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კანიე უესტი მილიარდერების რეიტინგს გამოეთიშა, რადგან მისი ქონების შეფასება 400 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც მის პირად აქტივებს, მუსიკალური ალბომების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებსა და ინვესტიციებს მოიცავს.

გასათვალისწინებელია, რომ ანტისემიტური განცხადებების გავრცელების გამო, სექტემბერში კანიე უესტთან თანამშრომლობა კომპანია GAP-მაც შეწყვიტა, ოქტომბერში კი რეპერთან საქმიან ურთიერთობაზე უარი BALENCIAGA-მაც განაცხადა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.

ბუნებრივია, უესტთან კონტრაქტის შეწყვეტა თავად Adidas-ისთვისაც არახელსაყრელი იყო. Yeezy-ს სპორტული ფეხსაცმლის ხაზი კომპანიის შემოსავლების თითქმის 8%-ს აგენერირებდა და Adidas-ს Nike-ის პრემიუმ ხაზთან, Jordan-თან კონკურენციის გაწევის საშუალებაც აძლევდა. ცხადია, ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებენ გერმანული კომპანიის ინვესტორები, რის გამოც Adidas-ის აქციების ღირებულება ერთ კვირაში თითქმის 14%-ით დაეცა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 3.2 მილიარდი დოლარით შემცირდა.