მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის კიდევ უფრო გამკაცრებით აზარტული თამაშები სრულად შავ ბაზარზე გადავა - სექტორის მოლოდინები

63020f1ba6633
თათია ჩაფიჩაძე
21.08.22 22:00
1544
„თუ ხელისუფლება აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას კიდევ გადაწყვეტს, ეს იქნება ბაზრის მოკვლა და ჩვენ სრულად გადავალთ შავ ბაზარზე“, - ეს განცხადება bmg-თან საუბრისას სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა გააკეთა.

მანამდე კი, აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებაზე მიმდინარე კვირაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

„მთავრობა აკვირდება პროცესს და ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯებია, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების მაქსიმალური დაცვისკენ ამ მავნე პროცესისგან. შეიძლება მოხდეს მალე, შეიძლება დაყოვნებით, მაგრამ გაუმჯობესდება კანონმდებლობა, რომ საზოგადოება იყოს დაცული და ეკონომიკა უფრო ეფექტიანად იყოს წარმართული.“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუსას დუნდუამ.

სათამაშო ბიზნესი აღნიშნულის შესახებ ამ ეტაპზე თემაზე რაიმე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. მამულაიშვილი ცვლილებების ნეგატიურ გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებები არასწორი სტატისტიკით მანიპულირებენ.

„ხელისუფლება კიდევ უფრო გამკაცრებას თუ გადაწყვეტს, ეს იქნება ფაქტობრივად ბაზრის მოკვლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩვენ სრულად გადავალთ შავ ბაზარზე. შავ ბაზარზე გადასვლა საქართველოსთვის როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მდგომარეობით ძალიან ცუდი იქნება. ისედაც საკმაოდ ცუდი მდგომარეობა შეიქმნა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი არალეგალური საიტი შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს არ უნდა დაინახოს რეალობა, ფაქტია რომ 150 საიტამდე გაიზარდა მათი რიცხვი და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ის თანხა რაც გადის საქართველოდან არ არის ცოტა, ეს არის დიდი ბრუნვა, რომელიც უცხოეთში მიედინება. ვერანაირად ვერცერთი უწყება ვერ შეზღუდავს ამ მოძრაობას, ამის შეზღუდვის საშუალებაა ის, რომ საქართველო დაემსგავსოს კორეას ანუ ჩაიკეტოს სრულიად ინტერნეტი.

ყველაზე კარგი მეთოდი მსოფლიო სტანდარტებიდან გამომდინარე არის ლეგალური ბაზრის განვითარება, დღესაც ასე იყო აქ, თუმცა ცვლილებებმა შექმნა ბევრი ხარვეზი. იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ფინანსთა სამინისტრო აღიარებს თავის შეცდომას, ცვლილებებს შეიტანს და დააბრუნებს ძველ მდგომარეობას. ჩვენ გვქონდა არაერთი შეთავაზება ამ მხრივ, თუმცა პასუხი არ ყოფილა. დამატებით რაიმე გამკაცრებაზე ახლა ვერაფერს გეტყვით, გამომდინარე იქიდან რომ ამ ეტაპზე არ არის საუბარი ამაზე, ეს ინფორმაცია გვაქვს რეგულატორისგან, თუმცა ხვალ-ზეგ რა მოხდება, მე ვერ გიპასუხებთ.

დღეს შეიქმნა არასწორი ციფრებით მანიპულირების საშუალება, როგორც ეს აქამდე ოპონენტი არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში ხდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ბევრი დამოკიდებული პირი იყო, ახალგაზრდობა იღუპებოდა რაც უბრალოდ ტყუილი აღმოჩნდა, რადგან თვითონ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ჩანს, რამდენი კაცი მოჰყვა შეზღუდულ პირთა სიაში. აქაც სწორად უნდა განვსაზღვროთ, 2 000 კაცი ვინც გამოეთიშა არ ნიშნავს, რომ ყველა დამოკიდებული იყო. პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 0.05%-ია სულ თამაშდამოკიდებულ პირთა ოდენობა, რაც არ არის ძალიან დიდი. ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ ჯობდა წერტილოვნად გვემუშავა და არ შეგვექმნა გლობალური პრობლემა. დღესდღეობით ჩვენ ხელოვნურად შევქმენით ეს, რადგანაც ვისაც შეეზღუდა წვდომა, გადაერთო უკონტროლო უცხოურ ბაზარზე, რომლის აღიარება არავის არ უნდა.

რაც შეეხება მილიონ ნახევარს, თავად ბატონი მიხეილი ამბობდა, რომ 800 ათასი მოთამაშეაო, გაუგებარია ეს მონაცემიც საიდან გაჩნდა, რადგან რეალურად ბევრად ნაკლები იყო, მაგრამ თუ ასე იყო ახლა მილიონ ნახევარი როგორ გახდა? წვდომის შეზღუდვა არ ნიშნავს რომ ჩართული იყო ამდენი ადამიანი. თუმცა პრობლემა თანხებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდია, დიდი რაოდენობის თანხები გაედინება საქართველოდან უცხოურ არალეგალურ საიტებზე, რომლებიც ჩვენი ოპერატორებისთვის დიდი პრობლემაა და ჩვენს ოპერატორებს დიდი მუშაობა უწევდათ, რომ ისინი არ შემოსულიყვნენ.“ - განაცხადა მამულაიშვილმა.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოდან უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მილიარდს მიაღწევს. რაც შეეხება ადგილობრივ ოპერატორებს, მარტიდან დღემდე კლება 14%-ია.

„ჩვენი ვარაუდით და გათვლებით, 2 მლრდ ლარის ბრუნვა იქნება უცხოურ საიტებზე, ეს რაოდენობა საკმაოდ მაღალია. აქ ჩართული არიან ის 25 წლამდე ახალგაზრდები და რიგი მოსახლეობა, რომელსაც შეეზღუდათ წვდომა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, სპორტის მიმართულებით საკმაოდ კლებაა გადასახადების კუთხით, შესაბამისად იმაზე აპელირება, რომ მეტი გადასახადი შემოვიდა კონკრეტული ერთი გადასახადიდან, არასწორია.

როგორც ყოველთვის არასამთავრობო სექტორი და სამწუხაროდ სამინისტროც არასწორ სტატისტიკას აჟღერებს. 25 მლრდ-იან ბრუნვას ეძახდა ჩვენს შემოსავალს, ძალიან სამწუხაროა ფაქტია როდესაც სპეციალისტი ვერ ასხვავებს შემოსავალი რა არის და ბრუნვა რა არის, რეალურად სტატისტიკა კი სულ სხვა რამეს ამბობს.

კომპლექსურად თუ განვიხილავთ ყველაფერს, საკმაოდ დიდი ზარალია არა მარტო აზარტული თამაშებიდან, არამედ თანმხლები ბიზნესების მხრიდან, არამედ იგივე სარეკლამო ბაზრიდან, რომელმაც 400 მლნ ლარი დაკარგა წელიწადში. იქიდანაც ხომ ხდებოდა გადასახადების გადახდა, აიტი სფერო, საბანკო სფერო, იმიტომ რომ ბრუნვები შემცირდა აქაც. კომპლექსურად უნდა მოხდეს რაიმე მაჩვენებლის განხილვა და არა კონკრეტულად ერთი გადასახადიდან, შეიძლება რომელიღაც ერთი გადასახადი გაიზარდა, მაგრამ ჯამში სახელმწიფომ იზარალა. სპორტის მიმართულებით 15-16%-ით დაიკლო გადასახადებმა.

რაც შეეხება სექტორს, აგვისტოს მონაცემები ჯერ არ გვაქვს, ახლა მუშავდება, ივლისის ჩათვლით კლება 13-14%-ია გამომდინარე იქიდან, რომ ლეგალურ ოპერატორებს ბევრი გამოეთიშა, ისინი გადავიდნენ უცხოურ საიტებზე. ადგილობრივი ოპერატორები შემოსავლების სამსახურთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ შეეზღუდათ მათი ოპერირება, თუმცა ტექნოლოგიურად ეს შეუძლებელია, რეკლამა გაიზარდა სოციალურ ქსელებში, დიდ ფულს ხარჯავენ საქართველოს ბაზარზე, უკუგება რომ არ ჰქონდეთ ასე არ იქნებოდა.

ეროვნული ბანკის მუშაობა ზღუდავს აზარტულ თამაშებზე გადარიცხვებს, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელსაც არ აღიარებენ ჩვენი ოპონენტები, ეს არის სხვა მსს კოდები, რომლებსაც ეს არალეგალური საიტები იყენებენ და ჩვეულებრივად ხდება თანხების გადარიცხვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე.“ - განმარტა მამულაიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია.

ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები 1 მარტიდან ამოქმედდა, მას შემდეგ დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 23 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1 907.