მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონის უზენაესობის ინდექსით, 2021 წელს საქართველო 139 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა“

61702fd78fc68
ინგა მურუსიძე
20.10.21 21:00
626
ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საქართველომ აღმოფხვრას იდენტიფიცირებული ხარვეზები და ეფექტური ზომები მიიღოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღნიშნული, რომელიც კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის მონაცემების ანალიზს ეყრდნობა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მოცემული ნაშრომის მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის მაჩვენებლების განხილვა 2021 წლის მდგომარეობით, მისი შედარება წინა წლების მაჩვენებლებთან, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ტენდენციების გამოვლენა.

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსი მნიშვნელოვანი წყაროა სხვადასხვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაცნობად. ამ ინდექსის საშუალებით შესაძლებელია პროგრესის შეფასება და ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველო 49-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 139 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონულ რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 14 ქვეყანას შორის.

2012-2021 წლებში საქართველო ყველაზე დაბალ ქულებს მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კრიტერიუმებში იღებს. 2021 წლის მონაცემებით, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის მაჩვენებელი 2020 წელს მიღებულ შეფასებასთან შედარებით 0,01 ქულით გაუარესებულია. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების 2021 წლის მაჩვენებლები 2020 წლის შეფასებას 0,01 ქულით აღემატება, ეს კრიტერიუმები სტაბილურად ყველაზე დაბალ შეფასებას იღებს.

2021 წლის შეფასება ცხადყოფს, რომ ცალკეული საკვანძო საკითხები ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქვეყანაში კანონის უზენაესობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია საქართველომ აღმოფხვრას იდენტიფიცირებული ხარვეზები და ეფექტური ზომები მიიღოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ“, -განმარტავენ ორგანიზაციაში.

რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს, ისინი ასე გამოიყურება:

- 2021 წლის კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0,61 ქულით არის შეფასებული (მაქსიმალური 1 ქულა). ამ მაჩვენებლით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 0,01 ქულით გაუმჯობესდა.

- 2021 წლის მდგომარეობით, საქართველო 49-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 139 ქვეყანას შორის, ხოლო რეგიონულ რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 14 ქვეყანას შორის.

- კანონის უზენაესობის ინდექსით შეფასებულ კრიტერიუმთა შორის საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება - 0,79 ქულა წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კომპონენტში მიიღო, ხოლო ყველაზე დაბალი - 0,53 ქულა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კრიტერიუმში აქვს.

- 2020 წლის მსგავსად, 2021 წელს კორუფციის არარსებობის კრიტერიუმში საქართველოს 0,68 ქულა აქვს მინიჭებული. 2012-2021 წლების მაჩვენებლებს შორის 2020 და 2021 წლების შეფასება ყველაზე დაბალია.

- 2021 წლის შეფასებით, საქართველოს ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმში 0,63 ქულა აქვს მიღებული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 0,02 ქულით აღემატება.

- ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმში საქართველოში ყველაზე დაბალი შეფასება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი - სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებას.

- ღია მმართველობის მდგომარეობა 2021 წელს 0,59 ქულით შეფასდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0,02 ქულით აღემატება.

- ღია მმართველობის ინდიკატორებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება ინფორმაციის თავისუფლების და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით აქვს. 2020 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესებულია.

- 2021 წელს საქართველოში სარეგულაციო აღსრულება 0,56 ქულით შეფასდა, რაც 0,01 ქულით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

- 2021 წელს საქართველოს მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კრიტერიუმი 0,54 ქულით შეფასდა, რაც 0,01 ქულით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე.

- 2021 წლის შეფასებით, საქართველომ სამოქალაქო მართლმსაჯულების კრიტერიუმში 0,54 ქულა მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0,01 ქულით აღემატება.

- სამოქალაქო მართლმსაჯულების ინდიკატორებს შორის, პრობლემურ მიმართულებებად რჩება პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურება და ხელისუფლების გავლენის არარსებობა, რომელთაც ძალიან დაბალი შეფასება აქვს მიღებული.

- 2021 წელს საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კრიტერიუმი 0,53 ქულით შეფასდა, რაც 0,01 ქულით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

- სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინდიკატორებს შორის, საქართველოში ყველაზე პრობლემური მიმართულება ხელისუფლების ზეგავლენის არარსებობაა, რომელსაც ყველაზე დაბალი - 0.28 ქულა აქვს მინიჭებული, ხოლო ყველაზე მაღალი - 0,73 ქულით კორუფციის არარსებობაა შეფასებული.