მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონპროექტი არ გვიტოვებს ზეგანაკვეთურის ანაზღაურებაზე დასაქმებულთან შეთანხმების საშუალებას“ - ნანუაშვილი

5f4e4ee8da9cb
ელენე გოგბერაშვილი
02.09.20 10:20
714
დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მომზადებული შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, თუმცა ბიზნესი ჯერ კიდევ ცდილობს, კანონმდებლები დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებში არგუმენტირებულად დაარწმუნოს. შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატის გარდა კიდევ ერთი პრინციპული საკითხი ბიზნესისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება რჩება. კანონპროექტის მიხედვით, თითოეულ ზეგანაკვეთურ საათზე კერძო თუ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა სტანდარტულ სამუშაო საათზე 25%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს. კერძო სექტორი ამბობს, რომ ეს მათ ფინანსურ ხარჯს გაუზრდის, რაც ისევ და ისევ ნეგატიურად დასაქმებულებზე აისახება.

„დღეს ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება ფიქსირებული საათობრივი განაკვეთის მინიმუმ გაზრდილი ოდენობით. რა იქნება მინიმუმ გაზრდილი ოდენობა ეს არის დამსაქმებლის და დასაქმებულის შეთანხმების საგანი. არსებული პროექტი გვეუბნება, რომ ეს მინიმუმი უნდა იყოს, ნორმირებული სამუშაო დროის სულ ცოტა 125%.

კანონი არ გვიტოვებს შეთანხმების საშუალებას. ეს აისახება შრომით დანახარჯებზე, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება როგორც პროდუქტის, ასევე სერვისის ღირებულებაზე. ამას მოჰყვება შტატების ხელოვნურად დაყოფა, იმიტომ, რომ არ ვამუშავებ ერთ ადამიანს ზეგანაკვეთურად, რომ გაზრდილი ხარჯი არ გავწიო, ვამუშავებ მის ადგილას ორ ადამიანს. ეს ასე მოხდება, ესაა ეკონომიკური რაციონალურობა. ის დამსაქმებელი ცდილობს პროდუქტის ღირებულება შეამციროს ნებისმიერი საშუალებით; მათ შორის სამუშაო ძალის დანახარჯებით, რაც, ბუნებრივია, დააზარალებს ისევ დასაქმებულს, ვისაც უნდა იმუშაოს მეტი, შეთანხმებულ ხელფასზე ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ“, - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას იმედი აქვს, რომ პარლამენტი კერძო სექტორის საფუძვლიან არგუმენტებს გაიზიარებს. კანონმდებლების დასარწმუნებლად დრო კერძო სექტორს არც თუ ისე ბევრი აქვს. დოკუმენტს კენჭს დეპუტატები მეორე მოსმენით უკვე მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათის პლენარულ სესიაზე უყრიან.