21.აგვისტო .2020 15:55

კანონპროექტით ზეგანაკვეთი საათობრივი ხელფასის 25%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს - ცვლილების მოსალოდნელი შედეგი

views 2663
უკან

საქართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს მათი თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ახალი წესით ანაზღაურება შეიძლება დაევალოთ. კონკრეტულად კი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი ზეგანაკვეთური სამუშაო საათების 125%-იანი დანამატით ანაზღაურებას ითვალისწინებს. ანუ თითოეულ ზეგანაკვეთურ საათზე დასაქმებულმა სტანდარტულ სამუშაო საათზე 25%-ით მეტი ანაზღაურება უნდა მიიღოს. 

ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება არის ერთ-ერთი საკითხი, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება ეხება. ორგანიზაციის შეფასებით, თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას დაუჭერს მხარს, მაშინ ის ნებისმიერი ყველა კომპანიის ხარჯებზე მოახდენს გავლენას, გაზრდილი საშტატო ხარჯიდან გამომდინარე კი ეს ცვლილება ქვეყანაში კომპანიების მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასის ზრდაზეც აისახება. ამასთან, ცვლილების მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი აღრიცხვა დაევალებათ.

რა გავლენას მოახდენს განახლებული შრომის კოდექსი კერძო სექტორზე - BAG-ის შეფასება:

"როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება საკუთარ პოზიციას ყოველთვის ასაბუთებდა და ამყარებდა მაღალპროფესიული, ციფრებზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობაზე დამყარებული არგუმენტებით, რაზეც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ იღებდა ადეკვატურ და იდეოლოგიზირებული მიდგომებისაგან თავისუფალ კონტრარგუმენტებს. განცხადებაში, რომლითაც ასოციაცია წარმოდგენილ წვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, კერძოდ ნათქვამია:

„მიუხედავად ამისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება მიდგომებში, შრომის კანონმდებლობაში შემოთავაზებულ მთელ რიგ სიახლეებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტი, იმთავითვე, ყოველგვარი დებატების გარეშე მიესალმებოდა და მიესალმება, მათ შორისაა, დაცვისა და დახმარების განსაკუთრებული ღონისძიებების რეგლამენტირება და გონივრული მისადაგების პრინციპის დადგენა, რაც საშუალებას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, უკეთ მოახდინონ საკუთარი ცოდნისა და პოტენციალის რეალიზება კერძო სექტორში დასაქმების გზით. უკიდურესად მნიშვნელოვანია დამატებითი გარანტიების და შეღავათების დაწესება ორსულების, ახალშობილთა მშობლების და ოჯახის წევრებისათვის, რაც სცდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობების ფარგლებს და ყოველგვარი სავალდებულო ნორმების გარეშეც, ჩვენი აზრით, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნეს სუბიექტის განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის საგანი უნდა იყოს.

ასევე, შრომის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ქალისა და მამაკაცის თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დანერგვა, ჩვენთვის იმ საკითხთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც შეუძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს.

უფრო მეტიც, ცვლილებებით გამოწვეული დანახარჯების მიუხედავად, სამუშაო პროცესის დასაწყისიდანვე მხარი დავუჭირეთ დასაქმებულთათვის დამატებითი გარანტიების დაწესებას ისეთ ასპექტებში, როგორებიცაა სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების, ცვლაში და ღამით მუშაობის რეგლამენტირება, საწარმოს გადაცემის დროს დასაქმებულთა უფლებების რეგლამენტირება, დამსაქმებელთა მხრიდან დასაქმებულების ინფორმირების და კონსულტაციების პროცესის რეგლამენტირება.
რაც შეეხება შრომის ინსპექტციის მანდატს, სამუშაო პროცესის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დათანხმდა იმ მოსაზრებასაც, რომ შრომის ინსპექციის მანდატი არ ყოფილიყო შემოფარგლული მხოლოდ შრომის უსაფრთხოების პირობების კონტროლით.

თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, სამუშაო პროცესის დასაწყისიდანვე იყო რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაც ჩვენი აზრით არსებითად დააზიანებდა შრომით ურთიერთობებში არა მხოლოდ დამსაქმებლების, არამედ დასაქმებულების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. მსგავს საკითხებს შორის იყო სამუშაო დროის მკაცრი ლიმიტირება და მინიმალური ხელფასის ცნების შემოღება; საბედნიეროდ, საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებმა გაიზიარეს ოპონენტების არგუმენტები, უარი თქვეს ცვლილებებზე და ამ გზით თავიდან იქნა არიდებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი.

ჩვენი ღრმა რწმენით, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, ზემოთ ჩამოთვლილი (და არა მხოლოდ) პროგრესული დებულებების გამო, საკმარისად უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებას, მეორეს მხრივ კი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა დღემდე რჩება ორი პრინციპული საკითხი, რომლებზეც კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ კანონმდებლების, პროფესიული წრეების და დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება, კერძოდ, ესენია - ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება.

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სტანდარტის სახით ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის ქვედა ზღვარის 125 პროცენტით განსაზღვრა პირდაპირპროპორციულად აისახება ნებისმიერი კომპანიის ხარჯებზე და აქედან გამომდინარე, მათ მიერ შეთავაზებული საქონლისა და მომსახურების ფასებზე.

გარდა იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული არცერთი ვალდებულება არ ითვალისწინებს ამგვარი ლიმიტის დაწესებას, თავად ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში (მაგალითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ესპანეთი), ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არაა და ის სრულად არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე. ცალკეულ ქვეყნებს კი ეს საკითხი ზუსტად ისე აქვთ მოწესრიგებული, როგორც შრომის კოდექსის დღეს არსებულ რედაქციაშია წარმოდგენილი, კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები უნდა ანაზღაურდეს ნორმირებული სამუშაო საათის გაზრდილი ოდენობით, თუმცა თავდ ეს ოდენობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების საგანია.

წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, იმ სექტორებში სადაც აქამდე ნორმირებული სამუშაო კვირა 48 საათით განისაზღვრებოდა, ამ ოდენობის 40 საათამდე შემცირებისა და ზეგანაკვეთურ 8 საათზე საათობრივი ანაზღაურების 25% დამატების გამო, კომპანიებს შესაძლოა მოუწიოთ შტატების ხელოვნურად დაყოფა; შედეგად კი მივიღოთ არსებული დასაქმებულებისათვის ფიქსირებული ხელფასის შემცირება და დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდა.

შრომის ინსპექციის მანდატთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პრაქტიკაა თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც, ზოგიერთ მათგანში შრომის ინსპექციის მანდატში ძირითადად მოქცეულია შრომის უსაფრთხოების სფერო, შრომით უფლებებს კი შრომის ინსპექცია შეზღუდულ ფარგლებში აკონტროლებს (იძულებითი შრომა, არალეგალური შრომა, სამუშაო საათები, ბავშვთა შრომა და სხვა მსგავსი საკითხები). ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელი გაფართოვება, მიზანშეუწონლად გაზრდის ბიზნესზე ადმინისტრაციულ წნეხს და არსებული მწირი რესურსების გათვალისწინებით შრომის ინსპექციას მისი ძირითადი ფუნქციებისაგან, შრომის უსაფრთხოების პირობების მონიტორინგისაგან დააშორებს.

შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნებისათვის მთავარი პრობლემა ჩვენი აზრით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის არასაკმარისი მექანიზმებია, ამ პრობლემას კი ინსპექცია ვერ აღმოფხვრის. მოსალოდნელია, რომ ინსპექცია გახდება მხოლოდ დამატებითი რგოლი, ადმინისტრაციული ბარიერი, რომლის გადაწყვეტილებების უკვე სასამართლოში გასაჩივრებას და, შესაბამისად, დავის გადაწყვეტას საბოლოოდ მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარებას და წახალისებას, რაც პირველ რიგში ისევ ცივილური, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ბიზნესის, დამსაქმებლების ინტერესებში შედის.

დასასრულს კი ყველაზე მთავარი: მხოლოდ შრომის კოდექსში ცვლილებების განხოციელებით ჯერ არცერთ ქვეყანას არ დუძლევია ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები. შრომის ღირსეული პირობების და ანაზღაურების ერთადერთი მდგრადი საფუძველი კი მხოლოდ ძლიერი ეკონომიკაა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა COVID19-ის სახით უპრეცედენტო გამოწვევების წინაშეა, ამ გამოწვევების დაძლევა კი თითოეული ნაბიჯის, რეგულაციის თუ მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის საგულდაგულოდ გათვლას, გააზრებასა და გაანგარიშებას მოითხოვს,"- ნათქვამია განცხადებაში.

რა წერია კანონპროექტში - მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო

1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. არასრულწლოვნისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში - 4 საათს.
2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.
3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარ 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე.
5. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის –ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის, მეძუძური ქალის, აგრეთვე დასაქმებულის, რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა