მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტით, ზეგანაკვეთური სამსახური საათობრივი 25%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს

5d84b0246ab3d
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.19 15:30
1656
საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს რიგ ახალ ვალდებულებებს დაუწესებს. მათ შორისაა მოთხოვნა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულმა დადგენილი ხელფასით განსაზღვრული სარგოს მინიმუმ 125%-ის ოდენობის ანაზღაურება უნდა მიიღოს. შესაბამისად, ზეგანაკვეთის დანამატი მინიმუმ 25%-ით არის დადგენილი.

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი შრომის კოდექსის არსებული რედაქციის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მიღების შემთხვევაში, დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის აღრიცხვის მოქმედი სისტემის დანერგვა მოუწევთ.

შემოთავაზებული რედაქციით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში კვლავაც 40 საათით იქნება განსაზღვრული, ხოლო ზეგანაკვეთურ მუშაობაზე კი ზედა ლიმიტი წესდება. დამსაქმებელს არ ექნება უფლება დასაქმებულს დღეში 2 საათზე მეტი, ხოლო კვირის განმავლობაში კი 8 საათზე მეტი დროით დაავალდებულოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება.

მუხლი 26:

“ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს ან კვირის განმავლობაში 8 საათს.

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა მინიმუმ უნდა შეადგენდეს ხელფასის ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტს. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს მიმდინარე თვეს გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.”