მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კაპიტალ ბანკის” საქმე - ყოფილი მფლობელი $4-მილიარდიან კრიპტოთაღლითობაში მონაწილეობდა

61e6bb2211748
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.22 17:35
3594
დღეს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ ყოფილ “კაპიტალ ბანკში” ფულის გათეთრების ფართომასშტაბიანი სქემა აღმოაჩინეს. იმას, რასაც პროკურატურა 5 წლის განმავლობაში იძიებდა, ფაქტის სახით უკვე შესწავლილი ჰქონდა სებ-ს, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში ფულის გათეთრების მოთხოვნების დარღვევის გამო “კაპიტალ ბანკს” ლიცენზია გაუუქმა. ლიცენზიის გაუქმების დროისთვის ბანკის 100%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ ESOL B.V.-ის ეკუთვნოდა, ხოლო ამ ფირმის ბენეფიციარი მესაკუთრე კი ჯილბერტ რიჩარდ არმენტა იყო.

ჯილბერტ არმენტა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპრო თაღლითობაში - OneCoin-ის საქმეში ფიგურირებს. აღნიშნულ სქემას, რაც არარსებული კრიპტოვალუტის - OneCoin-ის გამოშვებასთან იყო დაკავშირებული მსოფლიოს გარშემო ათიათასობით დაზარალებული ჰყავს, ხოლო მოპარული ფულის საერთო მოცულობა ნიუ-იორკის ოლქის პროკურატურის შეფასებით $4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქმეში მთავარი მონაწილეები იყვნენ ბულგარეთის მოქალაქეები კონსტანტინ იგნატოვი და რუჯა იგნატოვა. კონსტანტინ იგნატოვი FBI-იმ 2019 წლის მარტში დააკავა, რუჯა იგნატოვას ადგილსამყოფელი 2017 წლის ოქტომბრიდან უცნობია.

ჯილბერტ არმენტა უშუალოდ რუჯა იგნატოვას მიერ იყო დაქირავებული, რათა მას OneCoin-ის მეშვეობით მოპარული ფული გაეთეთრებინა. ჯილბერტ არმენტას ფულის გათეთრებისთვის ბრალი 2017 წელს წარუდგინეს, 2018 წელს მან ბრალი აღიარა და გამოთქვა სურვილი გამოძიებისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინა. განაჩენის შემდეგ მას მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება უშუალოდ “კაპიტალ ბანკის” საქმეს, პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფულის გათეთრებისთვის 40-ზე მეტი კომპანიის და ფიზიკური პირის ანგარიშები იყო გამოყენებული:

“ჯილბერტ არმენტას და ს.პ.-ს განზრახული ჰქონდა საბანკო დაწესებულების გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა, რის უზრუნველსაყოფადაც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, განახორციელეს ქმედებათა ჯაჭვი. კერძოდ, სს „კაპიტალ ბანკში“ ანგარიშები გაუხსნეს რ.ა.-სთან და ს.პ.-სთან დაკავშირებულ ორმოცამდე იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სს ,,კაპიტალ ბანკის’’ თანამშრომლებს არსებული საბანკო რეგულაციების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონო დავალებებს აძლევდნენ.

უკანონო დავალების შესასრულებლად, სს ,,კაპიტალ ბანკის“ პასუხისმგებელი პირები - გ.გ., ს.ს. და ლ.ხ. სრულყოფილად არ ახორციელებდნენ რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, არ ადგენდნენ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მიზანს, არ აწარმოებდნენ იურიდიულ პირებთან დაკავშირებულ სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, არ სწავლობდნენ კლიენტის მიერ განხორციელებულ გარიგებებს, გარიგების შესაბამისობას კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობასთან, ქონების და მათ შორის ფულადი სახსრების წარმომავლობას,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციითვე, საქმეში მონაწილე 5 ფიზიკური და 12 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო. ამასთანავე დაყადაღებულია საქმეში მონაწილეთა ანგარიშებზე არსებული $6 მილიონზე მეტი.

“კაპიტალ ბანკის” საქმიანობის შეწყვეტამდე, კაპიტალ ბანკის აქტივები 91.5 მილიონი ლარი იყო. აღნიშნულ პერიოდში ბანკი ზარალიანი იყო. 2016 წელს მან 3 მილიონით, 2015 წელს კი 2.1 მილიონით იზარალა. თუმცა, როგორც ირკვევა ბანკის ძირითადი საქმიანობა ამ დროს არა კრედიტების გაცემა, არამედ ფულის გათეთრება იყო. ჯილბერტ არმენტამ ბანკის 100%-იანი წილი 2016 წლის დასაწყისში შეიძინა.