მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზარი – მთავრობის პრიორიტეტი, რომლის განვითარებაც არავის აბარია

609652f6e44dc
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.21 13:18
1308
ორ თვეზე მეტია, საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე არც ერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა. საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს. მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისთან ერთად, პრობლემას ქმნის ის, რომ გარიგებებმა სრულად გადაინაცვლა არასაბირჟო მიმართულებით, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს და უნდა შეიზღუდოს. გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ საფონდო ბირჟაზე გარიგებები ფაქტობრივად არ იდება, ამ რეალობაში ბირჟა საკუთარ თავსაც ვერ ინახავს.

საპენსიო რეფორმა, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო, კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილება, რადგან ფონდში აკუმულირებული თანხა შესაძლოა სწორედ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტირდეს. თუმცა ამის შესაძლებლობა საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების ინვესტირების დაწყებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ არის დაშვებული. მანამდე კი თანხა, რომელიც ამ დროისთვის მილიარდ 420 მილიონი ლარია, ძირითადად ბანკებში სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული.

გიორგი ფარესიშვილი მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო საპენსიო სააგენტოს ხელ–ფეხი აქვს შეკრული და ინვესტირებას ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში ვერ ახდენს, pmc კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი კი ფიქრობს, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებისთვის საქართველოს ფინანსური ბაზარი მზად არ არის.

კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე სამთავრობო უწყებებიდან არცთუ იშვიათად ისმის განცხადებები. გასული წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში ვიზიტისას ერთ–ერთ პრიორიტეტულ რეფორმად კაპიტალის ბაზრის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, 2021 წელს კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგია უნდა წარადგინონ.

მიუხედავად იმისა, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარს ბევრი დაინტერესებული მხარე ჰყავს, მაინც არ არსებობს ერთი კონკრეტული უწყება, რომელიც ამ პოლიტიკის შემუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი. უფლებამოსილებების სხვადასხვა მხარეს გადანაწილება კი იმ რეალობას ქმნის, რომელიც დღეს გვაქვს: მცირე ბაზარი, რომელიც ნელი ტემპებით ვითარდება.

“ვის ეხება საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარება? ამ საკითხის
ერთმნიშვნელოვანი “მეპატრონე” არ არსებობს. ეს არის აქტივობების ერთობლიობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საფონდო ბირჟა.

ეს არის ქმედებების ერთობლიობა, რომელმაც კოორდინირებულ რეჟიმში უნდა მიგვაღწევინოს შედეგამდე, რომ ჩვენი ფინანსური ბაზარი უფრო განვითარებული იყოს. სამწუხაროდ, პრობლემის ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურა არ არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე უწყებამ რაღაცა არ გააკეთა და ამიტომ მივიღეთ შედეგი ის, რაც მივიღეთ”,– აცხადებს pmc კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი.

კოორდინირებული მუშობის მნიშვნელობაზე საუბრობს თავად საფონდო ბირჟის ხელძღვანელიც.

“გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს, უნდა იყოს ერთიანი, კოორდინირებული ქმედებები ყველა იმ მხარეს შორის, რომელთაც აინტერესებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება – იგულისხმება მთავრობაც, ეროვნული ბანკიც, კერძო სექტორიც, რომლებიც ბაზარზე ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ.

დღეს რთულია თქმა, რომელ უწყებას აბარია ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, ეროვნული ბანკი მხოლოდ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი და მის მანდატში არ შედის ბაზრის განვითარებაზე ზრუნვა– სხვა უწყებას კი, სამინისტროს სახით ვერ ვხედავთ, რომელსაც სურს, რომ თავის თავზე აიღოს ეს მისია”,– აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც უშუალოდ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე იზრუნებს და განვითარების სტრატეგიას შექმნის.