მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზარი საქართველოში - პოტენციალი და ბარიერები (კვლევის შედეგები) ®

620cd219c6b99
BM.GE
16.02.22 14:56
1560
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის“ პროგრამა ხორციელდება. 18-თვიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის ბაზრის განვითარების გუნდის მიერ ხორციელდება. პროგრამას ხელმძღვანელობენ - EBRD-ის კონტრაქტორი „გალტ & ტაგარტი“, რომელიც ახორციელებს პროექტზე საკონსულტაციო სამუშაოებს, მათ ქვეკონტრაქტორ BDO Georgia-სთან ერთად.  

CMS 3-ეტაპიანი პროგრამაა, რომლის I ეტაპი ემსახურებოდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის პოტენციალის შესწავლას და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს უშლის სხვადასხვა კომპანიებს კაპიტალის ბაზრის რესურსებზე წვდომაში.

აღნიშნული საკითხების გარშემო პირველი ეტაპის ფარგლებში მომზადდა ანგარიში (Design Report), რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავს:

• პროექტის პოტენციალის შესწავლა, საქართველოში კორპორატიული სექტორების კვლევის მეშვეობით. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა ისეთი სექტორები, რომელთაც აქვთ პოტენციალი მოიპოვონ კაპიტალის ბაზრებზე წვდომა;
• კაპიტალის ბაზრების ანალიზი შესადარის ქვეყნებში. კვლევის მიზანი იყო შესადარისი ქვეყნების მიერ განვლილი კაპიტალის ბაზრების განვითარების გზის შესწავლა;
• ალტერნატიული ინსტრუმენტები - ESG ობლიგაციების გამოშვების პოტენციალის შეფასება;
• მონაცემების შეგროვება კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა მონაწილის, პოტენციური ემიტენტებისა და ინვესტორების გამოკითხვის გზით:
o კითხვარები გაეგზავნა ადგილობრივი ბაზრის შერჩეულ პოტენციურ (და არსებულ) ემიტენტებს, ასევე პოტენციურ (და არსებულ) ინვესტორებს;
o ინტერვიუები ჩატარდა კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა მონაწილეებთან, მათ შორის: ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საფონდო ბირჟა, ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, იურიდიული ფირმები, ასევე სხვადასხვა ტიპის ინვესტორები (საპენსიო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი, კერძო ინვესტორები) და ა.შ.

იხილეთ მომზადებული ანგარიშის საპრეზენტაციო ფაილი ბმულზე. უახლოეს მომავალში ანგარიში ვრცლად გამოქვეყნდება CMS პროექტის ვებგვერდზე.

პროექტის II ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. აღნიშნული მექანიზმი დაეხმარება შერჩეულ კომპანიებს კაპიტალის ბაზრის ათვისებაში სავალო ან/და წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით.

პროექტში მონაწილეობის მსურველ ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ პროექტის ვებგვერდის მეშვეობით. რეგისტრაციის პროცესის დაწყება იგეგმება 2022 წლის პირველ კვარტალში.

რეგისტრაციის პროცესში მოხდება კომპანიების ავტომატური გადარჩევა წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. პირველადი გადარჩევის შემდეგ, კომპანიები გაივლიან დეტალურ შეფასებას (დიაგნოსტიკას). დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით მოხდება გამარჯვებული კომპანიების არჩევა.

გამარჯვებული კომპანიები მიიღებენ წახალისებას, რათა შეძლონ კაპიტალის ბაზარზე წვდომის მოპოვება. წახალისება მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს და თანადაფინანსების მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილი.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინსტრუქციები და გრანტის გაცემის კრიტერიუმები გამოქვეყნდება მალე.

CMS პროგრამის წახალისების მექანიზმის ფარგლებში, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ II ეტაპის წარდგენა მოხდება 17 თებერვალს, 12:00 საათზე. შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.