მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზარში საპენსიო ფონდის ჩართულობა აუცილებელია - Galt & Taggart

626e7b2ba292c
გიორგი თოლორდავა
01.05.22 17:37
1553
Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ გადაცემა "ანალიტიკაში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ საპენსიო ფონდს მეტი შესაძლებლობები უნდა მიეცეს და ის კაპიტალის ბაზრის აქტიური მონაწილე უნდა გახდეს.

„უკვე დაგროვილი თანხის მოცულობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდი კაპიტალის ბაზრის აქტიური მონაწილე გახდეს. საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რომელიც დღეს უკვე შემოღებულია, მაგალითად ის, რომ საპენსიო ფონდი ფულს ვერ ჩადებს არარეიტინგულ კომპანიებში.

საპენსიო ფონდს უნდა მივცეთ მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება, ვიდრე მას დღეს აქვს. რეალურად, დღეს ასეთი სურათია: საპენსიო სააგენტოს ფული ძირითადად ბანკებში, სახაზინო ვალდებულებებში აქვს ჩადებული.

საპენსიო ფონდი არ უნდა იყოს კაპიტალის ბაზრისთვის გადამწყვეტი, თუმცა ის საკმაოდ აქტიური მოთამაშე უნდა იყოს“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ „ანალიტიკის“ ეთერში.

საქართველოში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. EBRD-ის მიერ დაფინანსებულმა 18-თვიანმა პროგრამამ შერჩეულ კომპანიებს ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალის ბაზრების და სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების ათვისებაში.

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ საჭიროს ინფორმაციას და მხარდაჭერას კაპიტალის ბაზარზე წვდომისათვის, მათ შორის, დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

საგულისხმოა, რომ ამჟამად ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი არასახარბიელო მდგომარეობაშია. გასულ თვეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე მხოლოდ ერთი გარიგება შედგა, რომლის ღირებულებაც 396 ლარი იყო, შესაბამისად ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ 19 ლარი შეადგინა. აპრილის თვეში განხორციელებული ერთადერთი ტრანზაქციის ემიტენტი კი „ლიბერთი ბანკი“ იყო.