მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიუჯეტის თანხები "ხვრელებში" იკარგება

5de68fedcf041
ნუცა ბაზლიძე
03.12.19 21:00
1065
სელექციური კონტრაქტირება არის ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი გამოსავალი, თუმცა, ამასთან ერთად ფასების გადახედვა მაინც საჭიროა, - ამის შესახებ კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. 

საკითხზე საუბრისას, ლომინაძემ ერთ-ერთ გამოსავლად კლინიკების ლიცენზირების გამკაცრების საკითხი დაასახელა. მისი განმარტებით,  კარდიოქირურგთა ასოციაციამ სამინისტროს არაერთხელ მიმართა თხოვნით, რათა მათ ყველა კლინიკაში, სადაც კარდიოქირურგიული პროცედურები ტარდება, გაეუმჯობესებინათ ხარისხის კონტროლი, შედეგად „აღარ იქნებოდა საქართველოში 
25 კადიოქირურგიული განყოფილება, მაშინ როცა რეალურად 5-ია საჭიროა“. 

„მთავარია სამინისტროს ნება. ამ სიტუაციაში, სელექციური კონტრაქტირება არის ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი გამოსავალი, თუმცა ამასთან ერთად ფასების გადახედვა მაინც საჭიროა. სამინისტრო სამართლიანად აპელირებს, რომ არის კლინიკები, სადაც დატვირთვა არის 17%-18% და მეორე მხრივ, სადაც დატვირთვა 80%-90%-ს შეადგენს, რითაც საშუალო მაჩვენებელი 47% გამოდის. ამ პირობებში ეს თანხა ვერ იქნება ხარჯთეფექტური. ჩვენი ბიუჯეტის თანხები ხვრელებში“ იკარგება“,- აღნიშნავს სულხან ლომინაძე. 

ლომინაძემ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრაც შეაფასა:

„კრება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, როგორც სამინისტროს, ასევე ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან. კრებაზე ყველა საკითხი გაირჩა. საბოლოოდ, ჩვენ გადავუგზავნეთ კალკულაციები. დღის განმავლობაში სამინისტროდან გამოხმაურებას ველოდებით“.
 
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს მთავრობის 520-ე დადგენილება ამოქმედდა, რასაც სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლების შეშფოთება მოჰყვა.