22.ოქტომბერი .2021 21:00

“კარფურის" წინააღმდეგ 7 თვის წინ შეტანილი საქმეების უმეტესობის სასამართლო განხილვა არ დაწყებულა - ივა ჭყონია

“კარფურის" წინააღმდეგ 7 თვის წინ შეტანილი საქმეების უმეტესობის სასამართლო განხილვა არ დაწყებულა - ივა ჭყონია
views 827
უკან

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში სუპერმარკეტების ქსელ “კარფურთან” მიმდინარე დავების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სარჩელების შეტანა 7 თვის წინ მოხდა, თუმცა მათ უმეტესობაზე ჯერ სასამართლო განხილვის ეტაპი არ დაწყებულა.

სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიები “კარფურს” ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ასევე დიდი ოდენობით თანხების ჩამოჭრისთვის და მათზე დაკისრებული ბუნდოვანი მოსაკრებლებისთვის ედავებიან.

“მივმართეთ სასამართლოს, თუმცა შვიდი თვეა გასული და აქედან უმეტესობის სასამართლო პროცესები ჯერ არ ჩანიშნულა და აქედან ერთი კომპანიის საქმე გადავა უახლოეს მომავალში ძირითად სხდომაში. ჩვენ ვართ 10-მდე კომპანია, ასოციაციის წევრები, ვისაც შეტანილი გვაქვს სარჩელები, გარდა ამისა არიან სხვა კომპანიებიც, რომელთაც შეტანილი აქვთ სარჩელები.

""კარფურის" წარმომადგენელმა გადაცემა Forbes-ის კვირაში განაცხადა, რომ ფერმებს ეხმარებიან და ცდილობენ ადგილობრივ წარმოებას ხელი შეუწყონ, თუმცა მინდა გითხრათ რომ ერთ ფერმერს "კარფურმა" სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მან "კარფურს" სასამართლო დავა მოუგო.

თუ რამდენად გაუმართავია სასამართლო, მითუმეტეს ბიზნესის მიმართულებით, ეს ყველამ კარგად ვიცით და როგორ ჭიანურდება საქმეების განხილვა, მაგრამ ჩვენ რომ არ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, ვხედავთ რომ წლიდან წლამდე არსებული ვითარება უარესდება,”- აცხადებს ივა ჭყონია.

მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით J&T CONSULTING-ის იურისტი გიორგი ცერცვაძე აცხადებს, რომ "კარფურმა" საკუთარი შესაგებებელი წინადადება რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა. მისი თქმით, “კარფური” ამასთანავე სხდომის დახურვას ითხოვს, რათა ის საჯარო აუდიტორიისთვის არ იყოს ღია.

“რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა “კარფურმა” შესაგებებელი და მინდა გავაჟღერო რა მიდგომა აქვს მას, პირველი ის, რომ ძალიან ბევრი ფურცელი მოიტანეს, 3,500 გვერდამდეა წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ამ 3,500 გვერდიდან უხვადაა “კარფურის” კონკურენტების ფინანსური ანგარიშები, რომელსაც ვერ გავიგეთ რა კავშირი აქვს ამ საქმესთან. არაპირდაპირ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ცდილობს თემაში ჩაითრიოს “ორი ნაბიჯი”, “ნიკორა”, “მაგნიტი” და სხვა, რომ “მხოლოდ ის კი არ იქცევა ასე, სხვებიც თითქოსდა ასე იქცევიან”. თუმცა ესაა საჯარო ფინანსური ანგარიშგებები და ამ ანგარიშგებით როგორ უნდა დაამტკიცო როგორ ექცევა კონკრეტულ მომწოდებელს რომელიმე რითეილერი, ჩემი აზრით, ბუნდოვანია. მეორე, რასაც “კარფური” ითხოვს, არის სხდომის დახურვა, რათა ის საჯარო არ იყოს, თუმცა ამ მონაცემებში არაფერი არაა კომერციული საიდუმლოების სახით, რომ ეს მოთხოვნა იყოს,”- ამბობს გიორგი ცერცვაძე.

თავად "კარფური" სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანიების სარჩელს კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ნებისმიერი ხარჯის დაკისრება რაც მათი მხრიდან მოხდა, მომწოდებლებთან არსებული ხელშეკრულების ფარგლებში იყო.

საქართველოში “კარფურის” ბრენდის სუპერმარკეტების ოპერატორი კომპანია “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიაა”, ფირმამ 2020 წელს 472.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ამასთან მას გასულ წელს 33.5 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ზარალიანი იყო “კარფურისთვის” 2019 წელიც რაც აღნიშნულ პერიოდში 32.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომპანია საქართველოს მასშტაბით ამუშავებს სამ ჰიპერმარკეტს, ათ სუპერმარკეტს და ოცდაშვიდ მცირე საუბნო მარკეტს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა