07.მაისი .2021 00:00

„კარფურმა კუთვნილი თანხა დროულად არ გადაგვიხადა, რის გამოც საწარმო დავხურეთ“ - "დიმეს ჯორჯია"

„კარფურმა კუთვნილი თანხა დროულად არ გადაგვიხადა, რის გამოც საწარმო დავხურეთ“ - "დიმეს ჯორჯია"
views 6937
უკან

იზრდება იმ კომპანიების სია, რომლებიც "კარფურის" წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ. ამ დროისთვის საერთაშორისო ბრენდის წინააღმდეგ დავა უკვე დაწყებული აქვს ცხრა ქართულ კომპანიას და როგორც იურისტები ამბობენ, რამდენიმე კიდევ მზადების პროცესშია.

კომპანიები "კარფურს" უკანონოდ, კუთვნილი თანხების ჩამოჭრას ედავებიან, რის გამოც რამდენიმე მწარმოებელი და სადისტიბუციო კომპანია გაკოტრდა.

"კარფურის" მხრიდან მიწოდებული პროდუქციის ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვის დაგვიანება გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც კომპანია „დიმეს ჯორჯიამ“ საპირფარეშოს ქაღალდების ადგილობრივი წარმოება დახურა, სადაც 35 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

როგორც კომპანიის დირექტორი ყვება, გარდა იმისა, რომ "კარფური" კუთვნილი თანხების ჩარიცხვას აგვიანებს, ადგილი ჰქონდა მათი ნებართვის გარეშე "კარფურის" ახალი ობიექტების გახსნის დროს ქსელში დაშვების საფასურის დაკისრებასაც, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას.

„ჩვენ "კარფურთან" თანამშრომლობა 2019 წლის ნოემბერში დავიწყეთ. როგორც ყველა კომპანიამ გავიარეთ პროცედურები და გავაფორმეთ ხელშეკრულება. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ჩვენი პროდუქცია საქართველოში ყველაზე დიდ ბაზარზე, "კარფურში" ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგან შედეგად გაიზრდებოდა ცნობადობა, რეალიზაცია, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გარედან ჩანს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ 60 დღის განმავლობაში უნდა ჩაირიცხოს თანხები, რომელიც ჩემს შემთხვევაში  125-ე დღეს ჩაირიცხა, ამან კომპანიას მიაყენა უდიდესი ზიანი. ოთხი თვის გადაუხდელობის გამო პარტნიორმა შეგვიჩერა პროდუქციის მოწოდება და ჩვენც პირველ პრობლემას აქ წავაწყდით. ვაცნობეთ "კარფურს", რომ გვინდოდა შეხვედრა, მაგრამ პირველი შეხვედრა დაანონსებიდან ორი თვის თავზე შედგა. თანხის არჩარიცხვის მიზეზად გვითხრეს, რომ ანგარიშის ნომერი არ გვქონდა და ვერ ჩაგირიცხეთო, რაც სასაცილოც არ არის, რადგან ანგარიშის ნომერი  პირდაპირ ხელშეკრულებაშია მითითებული.

იმის გამო, რომ ჩვენ ნაღდი ფულის დეფიციტი შეგვექმნა, მოგვიწია საწარმოს დახურვა, სადაც 35 თანამშრომელი გვყავდა დასაქმებული. საპირფარეშოს ქაღალდს ვაწარმოებდით, „აწარმოე საქართველოსაც“ ვთხოვეთ დაფინანსება, პროექტი გავაცანით, მაგრამ არ დაგვაფინანსეს, რადგან პატარა ბრუნვა გვქონდა.

ზემოთ ხსენებული მიზეზით ჩვენ შევწყვიტეთ პროდუქციის მიწოდება "კარფურთან" და აღარ ვთანამშრომლობთ მათთან. გვითხრეს, რომ დაგვეხმარებოდნენ და ნაშთი, რომელიც გვქონდა მის რეალიზაციაში მოგვეხმარებოდნენ. გავუგზავნეთ ნაშთი, რომელიც შეადგენდა 120 000 ლარის ღირებულების პროდუქციას და დაგვიბრუნეს პასუხი, რომ თუ 55 000 ლარად მივაწვდიდით, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგვთანხმდებოდნენ.

დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში 205 000 ლარის პროდუქცია მივაწოდეთ "კარფურს", საიდანაც თვითონ გაყიდა 260 000 ლარად, 100%-იანი ფასნამატით გაყიდა პროდუქცია და მე 70 000 ლარი დღესაც არ ჩამირიცხა და დღემდე ამ თანხას ვითხოვთ. იმედია სასამართლო ნახავს, რომ ინვესტორის მიზანი, რომელიც შემოსულია ქვეყანაში, წლებია მხოლოდ ზარალზე მუშაობს და მოგების გადასახადს არ იხდის, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის შევიწროვებაა, რომ ვერ მოიკიდონ ფეხი“, - აცხადებს რამაზ მამაცაშვილი.

"დიმეს ჯორჯიას" ხელმძღვანელი საერთაშორისო ბრენდის მხრიდან თანხების უკანონო ჩამოჭრის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს.

„ობიექტზე, სადაც 204 ლარის პროდუქცია შევიტანე, შესვლის საფასური ჩამოგვაჭრეს 11 800 ლარი.

არის ფაქტები, როცა 54 ლარის ნავაჭრის გამო 3540 ლარი ჩამოგვაჭრეს, მაგალითად 312 ლარის პროდუქცია ბათუმის ობიექტში შევიტანეთ და 5900 ლარი ჩამოგვაჭრეს. ამის შემდეგ იმედია გასაგები იქნება, რომ ეს კომპანია მიზანმიმართულად თაღლითობს მცირე და საშუალო ბიზნესთან. წარმოიდგინეთ, ჩვენ ჩვენით არაფერს ვიხდით, ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგებით და შემდეგ ვარჩევთ რა თანხა, რის გამო ჩამოგვაჭრეს“-აცხადებს მამაცაშვილი.

"დიმეს ჯორჯიამ" "კარფურის" წინააღმდეგ სარჩელით უკვე მიმართა სასამართლოს. კომპანია საერთაშორისო ბრენდს 70 000 ლარის დავალიანებას ედავება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა