მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი იქნება პროგრამაში მონაწილება მცირე მარნებმაც მიიღონ“ – „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი

61362782be41b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.21 21:50
704
მეღვინე, „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბითარიშვილი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ საექსპორტო ქვეყნებში ღვინის კომპანიების მარკეტინგული კამპანიების თანადაფინანსების პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ დიდი მწარმოებლების გარდა, საგრანტო კომპონენტით სარგებლობას მცირე მარნებიც შეძლებენ.

„როდესაც საუბარია, რომ წლიური თანადაფინანსება კომპანიაზე 600 000 ლარი იქნება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მცირე მარნისთვის ძალიან დიდი თანხაა. მცირე მარნები გაცილებით მოქნილები არიან და მაღალ საფასო სეგმენტში ყიდიან, ანუ იმ საფასო სეგმენტში, სადაც გვინდა, რომ ქართულმა ღვინომ ადგილი დაიმკვიდროს. რადგან არ შეგვიძლია ვაწარმოოთ ბევრი და იაფი ღვინო, როგორსაც აწარმოებს ავსტრალია და ა.შ. ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს ამხელა ტერიტორია და ვენახები, ამიტომ ჩვენ მაღალ სეგმენტში უნდა დავიკავოთ ადგილი. ასე რომ, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაძლებლობა მცირე მარნებმაც გამოიყენონ ეს პროექტი, კარგი იქნება“, - განმარტა BM.GE-სთან საუბრისას მეღვინემ.

ის თვლის, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა ქართული ღვინის ტრადიციულ ბაზრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ამავე დროს ღვინის ხარისხს გაზრდის. ბაზრების დივერსიფიცირებისთვის იაგო ბითარიშვილი სხვადასხვა ბაზარზე განსხვავებული მექანიზმების ამოქმედების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პანდემიის პერიოდში სამხრეთ კორეიდან პატარა მარნებთან მიმართებით აქტივობა გასაოცარი იყო. 4-5 იმპორტიორი დაგვიკავშირდა მცირე მარნებს, მაშინ როდესაც იქ არანაირი აქტივობა არ გვქონია და არც არავინ მოგვიწვევია, ასეთ მომენტებზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციას აქტიურად შეეწყოს ხელი“, - აღნიშნა იაგო ბითარიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ნატურალური ღვინის ასოციაციის მაგალითზე, სადაც 100 მცირე მარანია, ღვინის რეალიზაცია მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით 20-30%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა კრიზისულ პერიოდში მუდმივი ვერ იქნება.

„შეიძლება ითქვას, რომ ექსპორტის კუთხით გაყიდვების შენარჩუნებულია, ზოგ შემთხვევაში გაზრდილიცაა. არ ვიცი როგორ შენარჩუნდება ეს მაჩვენებლები თუ პანდემიური მდგომარეობა არ დასტაბილურდება. თუმცა ჩვენი აზრით გაზაფხული იქნება ის პერიოდი, როდესაც პანდემიას დავძლევთ და არა თუ დავუბრუნდებით მაჩვენებელს, არამედ უფრო მაღალი პოზიციებიდან გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას“, - აღნიშნა ბითარიშვილმა და დასძინა, რომ მათი ძირითადი საექსპორტო ბაზრები ევროპული ქვეყნებია, სადაც ხარისხზე მოთხოვნა მაღალია, ასევე აღსანიშნავია ამ მხრივ აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეაც.