მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკი დაგვიმტკიცებს, რომ ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია - ეკონომისტი

61b5941fbe7c8
თამთა ჯიჯავაძე
12.12.21 12:00
551
კარგი იქნება თუ ეროვნული ბანკი დაგვიმტკიცებს რომ ის გახლავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან გზას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება წარმოადგენს, რომელზეც მისივე თქმით, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ნაკლებს საუბრობენ.

„საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზეც მთელი აქცენტი გადატანილი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე იყო. რეფინანსირების განაკვეთის გაძვირება არის ერთ-ერთი ბერკეტი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს სებ-ის რესურსი ერთი მხრივ შეზღუდულია, იმიტომ რომ სესხების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია, ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ სესხის გაძვირება ნიშნავს იმას, რომ ძირითადად ჯოხი შინამეურნეობებსა და ფირმებზე უნდა გადატყდეს, მაშინ როდესაც რამდენიმე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საბიუჯეტო პროგრამების შემცირება და სულ მცირე არგაზრდა არ იგეგმება“, - განაცხადა ეკონომისტმა.

გარდა ამისა, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკი საკმაოდ გამჭვირვალე ინსტიტუტი გახდა, - „ეს სახეზეა, მაგრამ მათ განცხადებებში შეინიშნება რბილი გამონათქვამები ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით, უფრო მეტი აქცენტები უნდა გაკეთდეს იმ მიმართულებით, რომ ინფლაციის გამომწვევი ერთ-ერთი ცხადი ფაქტორი ბიუჯეტის დეფიციტი გახლავთ. მაშინ როდესაც შინამეურნეობებსა და ფირმებს გვიძვირებენ სესხებს, და ამ დროს 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია კვლავ ხელფასების გაზრდა და პარალელურად იპოთეკური სესხების სუბსიდირება მიმდინარეობს, ამ ფონზე ნამდვილად ძალიან ცუდად გამოიყურება ყოველივე ეს. როგორც ჩანს მთავრობის წევრებს, ინფლაციის თემა მაინც და მაინც არ აინტერესებთ და ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროგნოზებს ეკონომიკურ ზრდასთან და ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით, აკაკი ცომაია ამბობს, რომ ის ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.

„მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, მით უმეტეს ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ზეა დაგეგმილი. როდესაც ინფლაციის დონე შემცირებას იწყებს, ბანკი ვეღარ ახერხებს საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად შემცირებას მაღალი ბიუჯეტის დეფიციტის გამო. ამდენად იმ შემთხვევაშიც კი, თუ მარტიდან დაიწყება ინფლაციის შენელების პროცესი, ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს საპროცენტო განაკვეთების ავტომატურად შემცირებას. ეს არის ის ფასი, რასაც ჩვენ საზოგადოება ვიხდით, იმიტომ რომ გვქონდეს გაზრდილი საბიუჯეტო პროგრამები“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირას, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-მდე გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კიდევ უფრო გაძვირდა. გაიზრდება რეფინანსირებაზე მიბმული სესხის პროცენტი და გადაიხედება უკვე აღებული სესხების პროცენტიც რომლებიც ცვლად განაკვეთზეა მიბმული.