09.აპრილი .2020 21:00

კარგი იქნება, თუ კომპანიების "ოქროს სია" აღდგება - "ნოვას" დირექტორი

views 767
უკან

"ყველას, ჩვენს სფეროში, ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს, შეკვეთებს არავინ იღებს და არც რეალიზაციას ახდენს", - ამის შესახებ სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "ნოვას" გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა კორონავირუსის გავრცელების სამშენებლო სექტორზე გავლენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"თითქმის ერთი კვირაა, რეალიზაცია არ ხდება. ჩვენ ახლა შეტანილი გვაქვს განაცხადი ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ფორმა შევავსეთ და ველოდებით შემოწმებას ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომლებიც დაგვიდასტურებენ, რომ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამის შემდეგ, ველოდებით, რომ მუშაობის გაგრძელების ნებართვას მოგცემენ", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების გავლენას პროდუქციის ფასებზე, როგორც "ნოვას" დორექტორი განმარტავს, მასალები გაძვირდა.

"წინა პერიოდში დოლართან მიმართებით ლარი 2.86-დან 3.20 ნიშნულზე მაღლა ავიდა, შესაბამისად, რაღაც პროდუქტებზე, რომლებიც კურსის მიმართ სენსიტიურია, მაღალ მარჟაზე მუშაობს, ფასების ცვლილება მოხდა, მაგრამ არა - სრულყოფილად. რაღაც საშუალო მაჩვენებელი ავიღეთ, ისეც ვერ გამოდიოდა, რომ არ გაგვეძვირებინა, მაგრამ არც ისე გაგვიკეთებია, რომ რეალობას ძალიან ჩამოვრჩენილიყავით.

მასალების 85%, რომლის რეალიზაციასაც ვახდენთ, იმპორტირებულია. მოწოდების ძირითადი არხებია ჩინეთი, თურქეთი, მექსიკა, უკრაინა, ყაზახეთი და ირანი. პროდუქციის ყველაზე დიდი მომწოდებელი ჩინეთია, საიდანაც მასალების 50%-მდე შემოგვაქვს, თუმცა, ამ მიმართულებით თითქმის არცერთ ეტაპზე პრობლემა არ გვქონია, მაგრამ ახლა, ამ პერიოდში არსებული შეკვეთებიც გავაუქმე, რადგან არსებული საგადასახადო სისტემიდან გამომდინარე, იმპორტზე შემოსულ საქონელზე 5 დღის განმავლობაში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა გვიწევს. გაჩერებულ კომპანიას კი ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ მილიონი დოლარის დღგ გადავიხადოთ.

თუმცა, ახლა დაახლოებით 3 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარის ისეთი შეკვეთა გვაქვს, რომელსაც აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ველოდებით და ამას ვერ ვაჩერებთ, რადგან ამაში ფულია გადახდილი, მწარმოებელს პროდუქცია გამზადებული აქვს და ჯარიმაზე გაგიშვებს", - აცხადებს ედიშერ ხიმშიაშვილი და დასძენს, რომ ამ ვითარებაში იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ის გადახდა მაშინ უნდა მოხდეს, როცა პროდუქცია გაიყიდება, ან მთავრობა "ოქროს სიის" პირობებს უნდა დაუბრუნდეს, როცა იმპორტზე დღგ-ს ანგარიშსწორებისთვის ვადა 30 დღე იყო.

"მე ვფიქრობ, რომ იმპორტზე დღგ მაშინ უნდა გადავიხადოთ, როცა რეალიზება მოხდება, რადგან არ ვიცით კრიზისის ხანგრძლივობა და არავინ იცის, ამ პროდუქციას 30 დღეში ვინმე გაყიდის თუ არა, ან თუნდაც მის 20%-ს, რომ დღგ გადაიხადოს.

თუმცა ის, რომ "ოქროს სიის" სტატუსი აღადგინონ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს მოთხოვნა ასოციაციების მეშვეობით, პირადი კომუნიკაციის დროს სამინისტროებთან. ეს ნამდვილად კარგი იქნება სახელმწიფოს მხრიდან", - მიიჩნევს ედიშერ ხიმშიაშვილი.