„ძალიან ჩქარა სწავლობს ახალს. იქვე სწავლობს და იქვე იცის როგორც გამოიყენოს ის, რაც დღეს გაიგო და რაც დღეს ისწავლა. 90-იან წლებში როცა მუშაობდა რუსეთში ბიძინა, ყოველთვის ჰქონდა ალღო... სად, როგორ გააკეთოს.. როგორ ააშენა ბანკი, როგორ გააკეთა პირველი თუ მეორე ბანკი თავის დროზე, რუსული „კრედიტი“ და დანარჩენი ბიზნესებიც. იცოდა - რას ყიდულობს და როგორ ყიდის, კარგი მყიდველიც იყო და კარგი გამყიდველიც“, – განაცხადა დავით იაკობაშვილმა, რომელიც 2003 წლიდან მონაკოში ცხოვრობს, – „ის იყო სულ ავანსცენაზე“, – დასძინა მან.
კითხვაზე თუ რამდენად არის მნიშვნელოვანი ალღო პოლიტიკაშიც, ბიზნესის მსგავსად, იაკობაშვილმა უპასუხა:
„ნამდვილად [მნიშვნელოვანია]. პოლიტიკაშიც მნიშნელოვანია ალღო. მაგრამ როგორც რუსები ამბობენ, Политика неблагодарное дело. რამდენიც არ უნდა გააკეთო, არავინ იქნება კმაყოფილი. სულ ყოველთვის იქნება ვინმე უკმაყოფილო და სულ ყოველთვის იქნება კონფლიქტი. იმიტომაც სულ ვერიდებოდი პოლიტიკას. მე არ მინდოდა პოლიტიკაში არასოდეს შესვლა. ძნელია ძნელი... ვერაფერს გააკეთებ.. არ შეიძლება იყო ყველასთვის კარგი. ვერ გააკეთებ მაგას..“, – აღნიშნა იაკობაშვილმა.
დავით იაკობაშვილი - Forbes Talks
აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136-ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.