30.ივლისი .2021 21:42

კარგი რიცხვია, მაგრამ შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო - ირაკლი ერაძე ეკონომიკურ ზრდაზე

კარგი რიცხვია, მაგრამ შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო - ირაკლი ერაძე ეკონომიკურ ზრდაზე
views 516
უკან

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ივნისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 18.7%-ს შეადგენს. ფინანსისტი ირაკლი ერაძე მაჩვენებელს ცალსახად დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ სწორედ ამ მაჩვენებელში აისახება შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა. საკითხზე მან „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა:

„ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკა საკმაოდ ციკლური ფენომენია, ნებისმიერი შეზღუდვის მოხსნა დადებითად აისახება ხოლმე მასზე. კარგი რიცხვია, მაგრამ ფინანსისტები ვამბობთ ხოლმე, რომ მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო და როცა ამას ვამბობთ, ციფრები ჰაერიდან არ მოგვაქვს, საფუძველი აქვს ყველაფერს. ჩვენს ეკონომიკას დიდი პოტენციალი აქვს და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, სწორი კოვიდ-მიმართულებით ბრძოლის შემთხვევაში, მეტის ვარაუდიც შეიძლება იყოს“, - განაცხადა ერაძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოქალაქეებზე, მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, ერაძე პასუხობს, რომ „ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეს რიცხვი უბრალოდ ამბობს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლების სტადიაშია“.

„აბსოლუტურად მესმის, რომ იქამდე, ვიდრე ეს მაჩვენებელი აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, ბევრი სხვა ფაქტორიც უნდა დალაგდეს, მაგალითად ლარის კურსი. ჩვენ გვახსოვს ლარის კურსი როგორი იყო შარშან და როგორია დღეს. გარდა ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია აქციზი საწვავზე. როცა ასეთი ინფლაციური პერიოდი გვაქვს, მთავრობა უნდა ფიქრობდეს აქციზის დაწევაზე, დროებით მაინც. მესმის, რომ პოსტკრიზისული პერიოდია, ბუფერი სჭირდება ბიუჯეტს, მაგრამ ნაკლები წნეხი გარდა იმისა, რომ ეკონომიკას გამოაცოცხლებდა მოკლე ხანში, ეს თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე აისახებოდა, რადგან რამდენიმე თეთრით ნაკლებ ფასად ჩავასხამდით საწვავს“, - ამბობს ფინანსისტი.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს, ირაკლი ერაძე ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში სიტუაცია არ დასტაბილურდა, მათ შორის პოლიტიკური, პროგნოზირება რთულია. მისივე თქმით, ამ კრიზისულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები და მათ შორის „ნამახვანჰესის“ პროექტი, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს ბიუჯეტისთვის, მით უმეტეს ასეთ რთულ დროს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა