მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარიერული განათლების კურსის პილოტირება წელს ორ კოლეჯში იგეგმება - უნარების სააგენტო

63e74b33df373
ალა ისპირიანი
11.02.23 13:37
592

სსიპ პროფესიული უნარების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის, კარიერის მართვის მენეჯერების უწყვეტი განვითარების მოდელი შემუშავდა.

ანგარიშში წერია, რომ ასევე იქმნება კარიერული განათლების კურსი, რაც პროფესიულ სტუდენტებს კარიერის მართვის განვითარებაში დაეხმარება. კურსის პილოტირება კი, 2023 წელს ორ კოლეჯშია დაგეგმილი.

"2022 წელს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა და სამინისტროს წარედგინა ფორმალური განათლების ყველა საფეხურის ფარგლებში კარიერული კონსულტირების სტრატეგია. პროფესიული განათლების მიმართულებით სააგენტო აქტიურად მუშაობს სტრატეგიის ცალკეული კამპანიების დანერგვაზე. კერძოდ: ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მუშავდება კარიერის მართვის მენეჯერების უწყვეტი განვითარების მოდელი; შეიქმნა კარიერის მართვის მენეჯერების პროფესიული ქსელი და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები; იქმნება კარიერული განათლების კურსი, რაც პროფესიულ სტუდენტებს დაეხმარება კარიერის მართვის განვითარებაში. 2023 წელს დაგეგმილია კურსის პილოტირება ორ კოლეჯში.

ასევე, განახლდა პანდემიის გამო შეჩერებული სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების განვითარებასა და ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამა 2022 წელს 435 საჯარო სკოლაში განხორციელდა და მასში ჩაერთო 6 855 მოსწავლე“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ „პროფესიული უნარების სააგენტომ“ აქტიური საქმიანობა 2022 წელს დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლების სისტემის განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით.

 სააგენტოს ცნობით, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესაქმნელად, 50-ზე მეტი პროფესიული ასოციაციისა და ბიზნეს გაერთიანების კონსოლიდაცია 9 ეკონომიკურ სექტორში უკვე განხორციელდა.