მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი 29,000 დოლარამდე გაიზარდა

64253e3fccd52
გიორგი თოლორდავა
30.03.23 12:11
648
კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1.2 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც 24 საათში თითქმის 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბიტკოინის ფასმა 29,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 2%-ითაა გაძვირებული, ერთ კვირაში კი მატების მაჩვენებელი 4%-ს აღწევს. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 556 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოაქტივს, ეთერიუმის ფასი 1,800 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 220 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ კვირაში ეთერიუმის ფასი 3%-ითაა გაზრდილი.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, მაგალითად: XRP-ის ფასი 25%-ით გაიზარდა; Cardano-ს ღირებულებამ კი 4%-ით მოიმატა.

კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან. მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.

ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთსა და სარისკო აქტივების ფასებს შორის საპირისპირო მიმართებაა; რაც უფრო მკაცრია მონეტარული პოლიტიკა - მით უფრო მეტად უფასურდება სარისკო აქტივები და პირიქით.