მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპის საკონსერვო კომბინატის პროდუქცია ექსპორტზე ტანზანიაში გადის

5f80751be8725
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.20 22:10
3839
კასპის საკონსერვო კომბინატი „თი ემ თი“ პროდუქციას აფრიკის კონტინენტზე შეიტანს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მმართველი პარტნიორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, პირველი - სატესტო პარტია ექსპორტზე 13 ოქტომბერს გაიგზავნება.

„ტანზანიის ბაზარზე შესვლა იქ მცხოვრები ქართველი ტუროპერატორის საშუალებით შევძელით, რომელმაც სასტუმროების მომარაგების ქსელთან დაგვაკავშირა და დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა. საკმაოდ დიდი ქვეყანაა და შესაძლებლობებიც დიდია.

პირველ ეტაპზე ერთი კონტეინერი 30 000 ლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნება. სატესტო პარტიაში ყველა დასახელების პროდუქტი იქნება, ხოლო მას შემდეგ, რაც მივხვდებით რომელ პროდუქტზე იქნება მოთხოვნა, გადაწყდება კონკრეტულად რა მოცულობები გაიგზავნება წლიურად“, - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

მისივე თქმით, კასპის საკონსერვო კომბინატმა საწარმოო ხაზების გაძლიერების შემდეგ პროდუქციის წლიური ექსპორტის მოცულობა 700 000 დოლარამდე გაზარდა და წელს საექსპორტო ბაზრებიც გააფართოვა.

„კასპის საკონსერვო ქარხნის პროდუქცია დღემდე ექსპორტზე ამერიკასა და ისრაელში გადიოდა, ხოლო წელს ახალი ბაზრები დაემატა.

2020 წლიდან ჩვენი პროდუქტი ავსტრიასა და უკრაინაში გავიდა. ტანზანიის შემდეგ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან და ამ ბაზრის ათვისებაც იგეგმება“, - აღნიშნა „თი ემ თის“ მმართველმა პარტნიორმა.

ცნობისთვის, საკონსერვო კომბინატი შპს “თი ემ თი” 2006 წელს ჩამოყალიბდა, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე, რომელიც 1960 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია ხილ-ბოსტნეულისა და მშრალი ხილის (ჩირი) პროდუქციის 60-ზე მეტ ნაირსახეობას აწარმოებს. კომპანიაში 60-მდე ადამიანია დასაქმებული.