მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპში მეორეული ზეთის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა - ინვესტიცია 950 ათასი ლარია

61939c2f401cd
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.21 15:52
3392
კასპში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სოფელ კოდისწყაროში მეორეული ზეთის გადამმუშავებელი საწარმო „საქართველოს უნივერსალური ჯგუფი“ ამოქმედდა. ადგილობრივი წარმოება, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით 2020 წელს დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 950 000 ლარია.

როგორც BM.GE-ის „სტარტაპ საქართველოში“ განუმარტეს, პროექტი 100 000 ლარით „სტარტაპ საქართველოს“, ხოლო 315 000 ლარით „ზრდა საქართველოშის“ თანადაფინანსებით განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, დღეისთვის საწარმოში 21 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამუშაო ადგილების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

„საწარმო ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით თვიურად 200 ტონა მეორად ზეთს გადაამუშავებს და 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს - დიზელის საწვავს, მაზუთ/ბიტუმს თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანურ ბენზინს და მეთანის გაზს აწარმოებს. წარმოებისთვის გამოყენებული იქნება ადგილობრივი ნარჩენები და რეალიზაციის ძირითადი ბაზარი საქართველო იქნება. საწარმოში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავენ „სტარტაპ საქართველოში“.

მათივე განმარტებით პროექტის განხორციელებით USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველო“ ხელს უწყობენ საქართველოში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, მეორადი საავტომობილო ზეთების, მათ შორის ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც სრულიად უსაფრთხოა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

„დღეს გაიხნა რეგიონისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავამუშაოთ მეორეული საავტომობილო ზეთები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული. სწორედ აღნიშნული ტიპის გადამმუშავებელი საწარმოები არის ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთი მთავარი ფაქტორი. მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორი სახეწლმწიფოსა და USAID-თან ერთად ქმნის ასეთი ტიპის საწარმოს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რაც ვფიქრობ სტიმულის მიმცემი იქნება ამ დარგის სამომავლო განვითარებისთვის საქართველოში“, - აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

ცნობისთვის: 2019-2021 წლებში ,,საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ინვესტიციამ სამ მილიონ ლარამდე შეადგინა.