მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კატარი უახლოეს მომავალში ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს"

5e4d26cf954b7
BM.GE
19.02.20 16:19
1067
დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სიტყვით გამოვიდა. მან საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საზღვაო ციფრულ სერვისებზე და ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თამარ იოსელიანის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო გადაზიდვების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტს დაეთმო, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით ახორციელებს. გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და მისი განვითარების პერსპექტივები, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში თამარ იოსელიანმა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაიტისთან მიღწეული შეთანხმების თანახმად კატარი უახლოეს მომავალში ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს.

"ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ კატარი სტრატეგიულად არის დაინტერესებული რეგიონში ყოფნით, რა მიზნითაც კატარის სახელმწიფო განიხილავს კატარული კომპანიების ინვესტირების ხელშეწყობას საქართველოს სანაოსნო დარგში. საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში თამარ იოსელიანი კატარის მინისტრს კადეტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზეც ესაუბრა. თამარ იოსელიამნა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობა და მიაწოდა კატარულ მხარეს ინფორმაცია მომდევნო ფორუმის შესახებ, რომელიც 2020 წლის 15 -17 სექტემბერს გაიმართება ქ. ბათუმში.

კატარს ყავს 131 გემისგან შემდგარი თანამედროვე სატანკერო ფლოტი, რომელიც სახელმწიფო ნავთობ კომპანიას ემსახურება. ქართველი მეზღვაურები ძირითადად სწორედ ტანკერებზე სპეციალიზირდებიან. შესაბამისად კატართან მემორანდუმის გაფორმება მათი დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.

შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრაზე. საუაბრი ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს და რეგიონში მის მნიშვნელობას.

კადეტების და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს საზღვაო ლოჯისტიკურ კომპანია - „მილაჰა“-ს (MILAHA M & L) CEO-სთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზეც",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.