24.იანვარი .2020 14:20

კატარინა ბიორლინ ჰანსენი: 2019 წელს EBRD-იმ საქართველოში რეკორდული – $325 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო

views 235
უკან

2019 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოში 325 მილიონი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიციით, რომელიც კერძო და საჯარო სექტორში განხორციელებულ 21 პროექტს მოხმარდა, ახალი რეკორდი დაამყარა - ამის შესახებ ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. 

"2019 წელი EBRD-სთვის საქართველოში იყო რეკორდული წელი. ჩვენ საინვესტიციო თვალსაზრისით არასდროს გვქონია ასეთი კარგი წელი. ჩვენ მოვახდინეთ 325 მილიონი დოლარის ინვესტირება საფინანსო სექტორში, ენერგეტიკის სექტორში, კერძო სექტორში. ეს არის ძალიან კარგი შედეგი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ინვესტიცია მოდის როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებსა და პატარა ქალაქებში.

ენერგეტიკის კუთხით ჩვენ ვმუშაობთ როგორც განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობაზე და გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტი არის აღნიშნულის ძალიან კარგი მაგალითი, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანობის ზრდა. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ქალაქებში ახალი - მწვანე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის პროექტი, რომელიც გარემოს, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს ამცირებს. მწვანე ქალაქების პროექტი არის გლობალური ჩარჩო და თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ პროექტს შეუერთდა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს.

მართლაც არაერთი ინიციატივა არის მწვანე ეკონომიკისკენ მიმართული. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამას ვახორციელებთ. ჩვენ ქართულ ბანკებთან ვთანამშრომლობთ, რათა გაიზარდოს  დაფინანსება როგორც კერძო კომპანიებისათვის, ასევე სხვა ორგანიზაციებისათვის გაიზარდოს ინვესტიციების ეფექტიანობა. ეს შეიძლება იყოს დაფინანსება ახალი, უფრო ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესაძენად. 

შესაბამისად, ამ მიმართულებებით ხელმისაწვდომი კრედიტის უზრუნველყოფით ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ენერგეტიკის კუთხით ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი, რაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის სრულად ათვისებას უაკვშირდება.

მცირე და საშუალო ბიზნესი არის EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საქართველოში. ჩვენ სხვადასხვა მექანიზმებით ვახდენთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან და ვუზრუნველყოფთ მათთვის ფინანსებზე წვდომას. ბიზნესებს ამ დაფინანსების მიღებისთვის ადგილობრივი ბანკებისთვის მიმართვა შეუძლიათ,"- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. 

კატარინა ბიორლინ ჰანსენი "საქმიანი დილის" ეთერში:



ამასთანავე, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრა სხვა ძირითად მიმართულებებზეც, რომელთა დაფინანსებაც ბანკის პრიორიტეტს წარმოადგენს, ესენია - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ლოჯისტიკა, განახლებადი ენერგია, ტურიზმი, DCFTA-ის მოთხოვნებთან დაახლოებისთვის საჭირო დაფინანსება და სხვა სფეროები. 

კითხვაზე, თუ რა რეკომენდაციას მისცემდა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, კატარინა ბიორლინ ჰანსენი პასუხობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ
საქართველომ  რეფორმების კურსს არ გადაუხვიოს. ამასთანავე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში შედარებით მეტი ყურადღება ახალ ინვესტორებს ექცევათ, მათ კი ვინც საქართველოში უკვე წლებია საქმიანობს, ზოგჯერ უჩნდებათ გრძნობა, რომ ისინი "მივიწყებული" არიან. 

"ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია კურსიდან არ გადახვევა, შევინარჩუნოთ უწყვეტობა, შესაბამისად რეფორმების განგრძობადობა, ბიზნესკლიმატის განვითარება და გაუმჯობესება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები არის მოახლოებული. რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, საქართველო არის საკმაოდ სტუმართმოყვარე ქვეყანა და ძალიან კარგი გარემო აქვს ინვესტორებისათვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს, ჩამოვიდნენ საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პოსტ-საინვესტიციო სერვისები, ინვესტორებისათვის, რომლებიც უკვე აქ არიან. აქცენტი თითქოს უფრო მეტად კეთდება ახლად ჩამოსულ ინვესტორებზე დიდი ხნის განმავლობაში აქ მყოფ ინვესტორებს ზოგჯერ უჩნდებათ გრძნობა, რომ ისინი მივიწყებული არიან.

მე ვამბობ, რომ ზოგჯერ მათ თავად უწევთ პრობლემებთან გამკლავება. არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ მხრივ ახალი სააგენტოს შექმნა, რადგანაც უკვე არსებული სააგენტოები საჭირო სერვისების უზრუნველყოფას კარგად ართმევენ თავს არსებული ინვესტორებისათვის. ჩემი აზრით, გამოსავალი არის დაბალანსებულ მიდგომაში", - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას კი EBRD-ის რეგიონული დირექტორი პასუხობს, ამ ეტაპზე ისინი თვალს ადევნებენ საქართველოს მთავრობის აქტივობას ამ პროექტთან დაკავშირებით.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავრობის აქტივობებს ამ მიმართულებით. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, და მისი განხორციელება უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ მას", - ამბობს EBRD-ის რეგიონული დირექტორი. 

დღემდე, EBRD-მა 249 პროექტით 4 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა