მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასია: ეკონომიკური პერსპექტივები

627b857e3a1e0
ეგნატე შამუგია
11.05.22 14:00
4610
როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე მკვეთრად აისახა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველ წელს გლობალური ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის კლების ნიშნული 5.3%-ს შეადგენდა, რაც მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება. 2020 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღო, რაც პანდემიამდე, წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე „დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი. მეოთხე - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რასაც მიმდინარე პერიოდიდან კიდევ უფრო მკვეთრი შოკი - 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაემატა. აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები რეგიონისთვის საკმაოდ არასახარბიელო იქნება და საშუალოვადიანი მკვეთრად გაუარესებულ პროგნოზებზეც აისახა.
 
პანდემიის მეორე წელი კი ეკონომიკების აღდგენის პერიოდია. გასულ წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით აჭარბებს. კავკასიის ეკონომიკის აღდგენა კი დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 3.1%-იანი ზრდაა. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს. საქართველო შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩევა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, რაც მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ავტორის გამოთვლები

გასული წლის მეორე ნახევრიდან რეგიონში ეკონომიკის აღდგენა დაიწყო, თუმცა არც თუ ისე სახარბიელოდ. საქართველოს შემთხვევაში ეკონომიკის აღდგენა შედარებით მაღალი დინამიკის აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. წლის მანძილზე გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზი მთავრობას და ეროვნულ ბანკს გააჩნდათ, რომელიც წლის ბოლო გამართლდა. წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 3.1%-ით მეტია. აღნიშნული კი ადგილობრივ პროგნოზებსაც აღემატება, რადგან მთავრობის და ცენტრალური ბანკის ვარაუდით ეს მაჩვენებლები 2.5% და 2.1% -ები იყო. ამგვარი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. იანვარსა და თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 18.0% და 14.6%-ებით გაიზარდა. „დიდი ჩაკეტვამდე“ პერიოდთან შედარებით, იანვარში ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდა პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა. მარტში ეკონომიკა 10.6%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკა 4.0%-ით იყო გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 14.4%-ია, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 9.6%-იანი ზრდაა, რადგან 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეკონომიკის საშუალო კლება 4.2% იყო.

შედარებით განსხვავებული სურათია სამეზობლოში, რადგან აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის უფრო დაბალი ტემპია, ხოლო სომხეთში ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს ჩამორჩება. აზერბაიჯანში 2021 წელს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა. შედეგად, გასულ წელის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატება. მიმდინარე წლის იანვარში კი აზერბაიჯანის ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 3.2%-ით მეტია, რადგან გასული წლის იანვარში ეკონომიკა 2.5%-ით იყო შემცირებული. იანვარში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის გარეშე, ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალი, 8.8% იყო, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდშიც არ შემცირებულა. იანვარ-მარტში რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 7.7%-ით აღემატება, რაც ჯერ კიდევ თებერვალში 3.3% იყო. აღნიშნული კი მარტში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდა უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დომინანტურია.

ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობაა. პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების შემთხვევაში უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე აზერბაიჯანის. აღნიშნული ეკონომიკის სტრუქტურას უკავშირდება. საქართველოსა და სომხეთში დომინანტური მომსახურება და ტურიზმის სექტორია. მთავრობის შეზღუდვები კი პირდაპირ აღნიშნულ სექტორებს ეხებოდა. თუმცა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. გასულ წელს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა, მაგრამ პანდემიის პირველ წელს ეკონომიკის 7.4%-იანი კლება იყო. მიმდინარე წლის თებერვალში კი სომხეთის ეკონომიკა 8.2%-ითაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ საბაზო ეფექტის შედეგია. მარტში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 6.7% იყო, ხოლო პირველ კვარტლის ზრდის მაჩვენებელი 9.6%-ია, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 7.4%-იანი ზრდაა. სომხეთში მარტის თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება ამ უკანასკნელისა და რუსეთს შორის მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება.

საერთო ჯამში, ეკონომიკის აღდგენის ტემპით გასულ წელს საქართველო გამოირჩეოდა, ხოლო სომხეთში მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელო იყო, რადგან ეკონომიკა პანდემიამდე ნიშნულს ჩამორჩებოდა. თუმცა, მიმდინარე წლიდან სომხეთსა და აზერბაიჯანშიც უფრო მაღალი ტემპია, ვიდრე წინა წელს. მარტში კი ზრდის ტემპი აზერბაიჯანში გაუმჯობესდა, რაც ნავთობის ფასების ზრდის შედეგია.

მართალია წლის დასაწყისი კავკასიის ეკონომიკებისთვის პოზიტიურად დაიწყო, მაგრამ მარტიდან მდგომარეობა გაუარესდა, რომლის მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გამონაკლისი აზერბაიჯანია, რაც ნავთობის და გაზის ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. იმ ფონზე, როცა რუსეთიდან აღნიშნული საქონლის ექსპორტი მცირდება, აზერბაიჯანიდან იზრდება. მეორე მხრივ, ნავთობზე მასშტაბურად გაზრდილი ფასების პირობებში მეტი შემოსავლის გენერირება ხდება, რაც მთლიან ეკონომიკაზე დადებითად აისახება. ომის უარყოფითი ეფექტი კავკასიის ეკონომიკებზე ორივე ქვეყანასთან - რუსეთთან და უკრაინასთან სავაჭრო არხით, ტურიზმით და რუსეთიდან გზავნილების გზით მომდინარეობს.

EBRD-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკის 5.0%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც იანვარში არსებული მსოფლიო ბანკის პროგნოზთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით მეტია. ამავე პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი შედარებით პესიმისტურია, რადგან ეკონომიკის 2.8%-იან ზრდას ელოდება, რაც უკვე აპრილის პროგნოზით, მსოფლიო ბანკის ვარაუდით 2.7%-ია. მიმდინარე წლისთვის სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3.2%-ითაა მოსალოდნელი, რაც მსოფლიო ბანკის მაჩვენებლით 2.5%-ია. რეკონსტრუქციისა და განვითარებისთვის ევროპული ბანკის პროგნოზი უფრო პესიმისტური, 2.0%-ია. რაც შეეხება სომხეთს, ამ შემთხვევაში ზრდის ნიშნული უფრო დაბალია, რაც ამ უკანასკნელის რუსეთის ეკონომიკაზე უფრო მაღალ დამოკიდებულებას უკავშირდება. ომამდე, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 4.8%-ით იყო პროგნოზირებული, რაც სავალუტო ფონდის უახლოესი პროგნოზით 1.5%-ია. მსოფლიო ბანკის პროგნოზი უფრო ნაკლები, 1.2%-ია.