მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინის” მსგავსი შემთხვევა რომ არ განმეორდეს, კანონში ცვლილებებია საჭირო - კომისია

6102bf259cdbf
სალომე მეცხვარიშვილი
29.07.21 19:23
1566
“კავკასუს ონლაინის” მსგავსი შემთხვევა რომ არ განმეორდეს, კანონში ცვლილებებია საჭირო - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა ონლაინ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც შესაბამისი კითხვა დაუსვეს.

კახა ბექაურის განცხადებით, საჭიროა როგორც კანონში ცვლილებები, ასევე სრულად ახალი კანონმდებლობის შექმნა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

“პრობლემა, რომელმაც მოიყვანა “კავკასუს ონლაინის” ისტორია ამ მდგომარეობამდე...ეს რომ არ განმეორდეს, ამას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება კანონმდებლობაში, როგორც არსებულ კანონმდებლობაში. ასევე მიმდინარეობს ახალი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასხვისებასთან და ფუნქციონირებასთან იქნება დაკავშირებული….

უფრო უკეთ რომ იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული ან ცალკე კანონი, ან კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები სჭირდება”,- აცხადებს კახა ბექაური, თუმცა რეალურად რა ცვლილებებს გეგმავს კომისია და რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობენ, არ დაუკონკრეტებია.

რაც შეეხება “კავკასუს ონლაინის” საქმეს, კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით უკვე 2 წელია კომისიასა და “კავკასუსის” ახალ მფლობელებს შორის დავა მიმდინარეობს, რომელმაც უკვე საერთაშორისო არბიტრაჟშიც გადაინაცვლა.

საქმე ისაა, რომ “კავკასუს ონლაინის” წილები მისმა მფლობელმა ხვიჩა მაქაცარიამ აზერბაიჯანულ “ნექსოლ ჰოლდინგზე” 2019 წელს გაასხვისა. თავდაპირველად აქციების 49%, შემდეგომ კი დარჩენილი 51%-იც “ნექსოლმა” შეიძინა. კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტრანზაქცია უკანონოა, ამიტომ მის შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. 2020 წლის ოქტომბერში კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. ახალი სპეციალური მმართველი კომისიამ დღეს დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა, კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით ჩატარებულ ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.