22.ივნისი .2020 15:30

„კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერება უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის“ - გიორგი კაპანაძე

views 299
უკან

კომუნიკაციების კომისია 25 ივნისს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას გეგმავს. რამდენად მართებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, ემუქრება თუ არა ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენა, როგორ აისახება მსგავსი გადაწყვეტილება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და რა გავლენას მოახდენს იგი ინტერნეტბაზარზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს გიორგი კაპანაძეს ვესაუბრეთ.

- როგორც ცნობილია, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია „კავკასუს ონლაინის“ ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე და დაწესებული ფულადი სანქციების შემდგომ, 25 ივნისს იგეგმება კომპანიისათვის ავტორიზაციის შეჩერება. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩეს?

- შესაძლოა, „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან გარკვეულ დარღვევას ადგილი ჰქონდა, როდესაც მესაკუთრის ცვლილების შემდგომ კომუნიკაციების კომისიას დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება „კავკასუს ონლაინმა” სასამართლოში გაასაჩივრა და მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჯერ არ გამართულა საკითხის მართებულებას საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება დაუშვებელია, ვინაიდან, კომისიასა და კომპანიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე არ უნდა გადაიაროს. ავტორიზაციის შეჩერება თავისთავად აჩენს რისკს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტები დროებით ინტერნეტის გარეშე, ან უხარისხო ინტერნეტის იმედად დარჩებიან. რა თქმა უნდა, ბაზარზე ოპერირებენ სხვა საბითუმო ინტერნეტის შემომტანი კომპანიებიც, მაგრამ სავარაუდოდ ისინი სრულფასოვნად ვერ შეძლებენ „კავკასუს ონლაინის“ სრულად ჩანაცვლებას, ვინაიდან „კავკასუსი“ დღესდღეობით ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია და ევროპული ინტერნეტიც სწორედ მისი მეშვეობით შემოდის ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიას თავადაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც „კავკასუს ონლაინისთვის” ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში დააზღვევს მათ კლიენტებს შესაძლო ზარალისგან და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს წვდომას ანალოგიური ხარისხის ალტერნატიულ სერვისებზე.

ცხადია, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს. ამავდროულად, გაურკვეველია სადამდე გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე.

– თქვენ ახსენეთ კონკურენტები, რეალურად როგორ აისახება მსგავსი გადაწყვეტილება კონკურენტულ გარემოზე და თუ გახსენდებათ ფაქტი, როდესაც მსგავსი ვითარების გამო კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაცია შეეჩერებინა კომპანიისათვის?

- რაც შეეხება კონკურენციას, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე, ვინაიდან ბაზარზე სამის ნაცვლად მხოლოდ ორი კომპანია დარჩება, რომელთაც ინტერნეტი თურქეთიდან და რუსეთიდან შემოაქვთ. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ „კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს აწვდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს, შესაბამისად უცნობია ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, რამდენად შეძლებს ბაზარზე დარჩენილი ორი კომპანია მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კომუნიკაციების კომისია თავადაც ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად. კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.

რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება იქნება უპრეცედენტო, რადგანაც საქართველოს კომუნიკაციების კომისიას აქამდე არ მოუთხოვია უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო. იმ შემთხვევებში, როდესაც უფლებამოსილი პირის აქციები გადაცემა ხდებოდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, იყო შესაძლებელი შესაბამისი განაცხადის პოსტ-ფაქტუმ შეტანა. მაგალითად, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე, კომისიამ უბრალოდ მოითხოვა განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა, და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი. ამჯერად, კომისიამ ანალოგიურ შემთხვევაში აირჩია სრულიად სხვაგვარი მიდგომა, როდესაც კომპანიას მოსთხოვა გარიგების გაუქმება. ასევე, კომუნიკაციების კომისია არ შეწინააღმდეგებია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის – „სილქნეტის“ აქციების გადაცემას უცხო ქვეყნის, კერძოდ ყაზახეთის მოქალაქისათვის. კომისიის განმარტებით, ის, რომ ყაზახეთის აღნიშნული მოქალაქე არ იყო დაკავშირებული საქართველოში რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირებთან, იყო საკმარისი წინაპირობა იმისა, რომ მის მიერ აქციების შეძენა (27.55%) ვერ შეუქმნიდა საფრთხეს კონკურენციას.

– საინვესტიციო კუთხით, რამდენად მიზანშეწონილია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება და როგორ აისახება იგი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე?

– ბუნებრივია, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში ინვესტიციები საქართველოში საკმაოდ შემცირებულია. როდესაც მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტორს, გაუგებარი მიზეზების გამო ფაქტობრივად აძევებ ქვეყნიდან, ბუნებრივია ეს საკმაოდ უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, თუკი გარკვეული დარღვევები არსებობს ამაზე შესაბამისი რეაგირება საჭიროა, თუმცა არა მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ხარჯზე.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, მე მოვისმინე „კავკასუს ონლაინის“ დირექტორის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ამ გარიგების შემდგომ იგეგმებოდა შავ ზღვაში არსებული კაბელის მეშვეობით აზერბაიჯანიდან კასპიის ზღვის გავლით, ჩინეთისა და ინდოეთისთვის ინტერნეტის მიწოდება და მან ეს პროექტი „თბილისი-ბაქო-ჯეიჰანსაც“ კი შეადარა. თუკი ეს პროექტი რეალობას შეესაბამება და სავარაუდოდ ამის შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიასაც ექნება, მაშინ, ჩემი აზრით, მსგავს პერსპექტივაზე უარის თქმა ყოვლად დაუშვებელია. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ექნება რეალური პერსპექტივა, გახდეს უმნიშვნელოვანესი პროექტის ნაწილი და ინტერნეტ ჯაჭვის უმთავრესი რგოლი. ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, ინტერნეტის მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტზეა საუბარი, იგი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენთვის.
მსგავს სიტუაციაში, ნებისმიერი დესტაბილიზაცია დარტყმის ქვეშ დააყენებს არამარტო საქართველოს, არამედ იმ უდიდეს ქვეყნებსაც ვისაც ჩვენი გავლით მიეწოდებათ ინტერნეტი. ამიტომაც, მოვუწოდებ კომუნიკაციების კომისიას, კარგად დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ ის რისკები, რაც შეიძლება მოჰყვეს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა