მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინისთვის” მიცემული ვადა ამოიწურა - რას აპირებს მარეგულირებელი?

5f2d4bb60f271
სალომე მეცხვარიშვილი
07.08.20 16:41
1635
“კავკასუს ონლაინისთვის” მიცემული ვადა ამოიწურა, კომპანიას კი გასხვისებული წილები საწყის მდგომარეობაში არ დაუბრუნებია. საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “კავკასუს ონლაინს” 2020 წლის პირველ აგვისტომდე მისცა ვადა იმისთვის, რომ კომპანიის 49%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაბრუნებოდა. bm.ge-ს “კავკასუს ონლაინში” დაუდასტურეს, რომ მათ კომისიის დავალება არ შეუსრულებიათ, რადგანაც ფიზიკურად შესაბამისი ბერკეტი არ გააჩნიათ.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიამ აზერბაიჯანელ ბიზნესმენს მიჰყიდა. კომუნიკაციების კომისია გარიგებას არაკანონიერს უწოდებს და ამბობს, რომ ტრანზაქცია მასთან უნდა შეთანხმებულიყო და თუ მარეგულირებელი ნებართვას გასცემდა, შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. კონკრეტულად, საუბარია, რომ ხვიჩა მაქაცარიამ აქციების 49% კომპანია “ნელგადო ლიმითედში” (31230 აქცია), რომელიც არის შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირი და არაპირდაპირი 100%-ის მფლობელი კომპანია, გაასხვისა ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვზე.

კომუნიკაციების კომისია თვეებია ითხოვს, რომ ტრანზაქცია გაუქმდეს, თუმცა, უშედეგოდ. მარეგულირებელმა “კავკასუს ონლაინის” მიმართ 4 ჯარიმა გამოიყენა. 25 ივნისს ჩატარებულ სხდომაზე კი გადაწყვიტა, რომ საბოლოო ვადა “კავკასუს ონლაინისთვის” 1 აგვისტომდე მიეცა.

აღნიშნული ვადა ამოიწურა, თუმცა, კომუნიკაციების კომისიას 6 აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე ამ საკითხზე არ უმსჯელია. როგორც bm.ge-ს მარეგულირებელში განუმარტეს, კომისიას უფლება აქვს, “კავკასუს ონლაინისთვის” მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ 2 თვის განმავლობაში იმსჯელოს საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება.

თავად კომისიაში არ აკონკრეტებენ, წარადგინა თუ არა რაიმე სახის დოკუმენტაცია “კავკასუს ონლაინმა”, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათი დავალება შესრულდა.

რატომ არ განიხილა კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინის” საკითხი ამ დრომდე, უცნობია. მიზეზებზე მარეგულირებელში არ საუბრობენ.

“კავკასუს ონლაინის” ოთხჯერ დაჯარიმების შემდეგ, კომისიაში აცხადებდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა ავტორიზაციის შეჩერება ყოფილიყო. თუმცა, კომისიის თავმდჯომარე კახა ბექაური იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ინტერნეტის მიწოდების კუთხით, შესაძლოა პრობლემები შეექმნა.

“კავკასუს ონლაინთან” ერთწლიანი დავის პარალელურად მარეგულირებელმა კომისიამ(სწორედ მეოთხე და უკანასკნელი ჯარიმის გამოყენების შემდეგ) დაჩქარებული წესით მოამზადა და პარლამენტში გაიტანა კანონი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს, თუ კომპანია მარეგულირებლის დავალებას არ ასრულებს. სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიას სასამართლოში შეუძლია.

იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა, უცნობია.

თავად კომპანიაში კი აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ ბერკეტი მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულება მოშალონ.

რაც შეეხება “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის ახალ მფლობელებს - ეს კომპანია Neqsol Holding-ია, რომელსაც სრულად აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი ფლობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა bm.ge-ს განუცხადეს, მათი მიზანი რეგიონში ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაა, რომლის ნაწილიც არის საქართველო და “კავკასუს ონლაინი”. $200 მილიონიანი პროექტი შავ ზღვაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით(რომელიც “კავკასუს ონლაინს” ეკუთვნის) რეგიონის ქვეყნებისთვის ინტერნეტის მიწოდებაა.

აზერბაიჯანული ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.