მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასუს როუდ პროჯექტი“: ირონიაა, რომ ჩინელები საქართველოში აშენებენ ხიდებს და ჩვენ - სომხეთში

5fd236d137c36
ინგა მურუსიძე
11.12.20 10:15
2555
"ყველაზე დიდი ირონიაა, რომ ჩინელები საქართველოში აშენებენ ხიდებს და ჩვენ - სომხეთში", - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა “საქმის კურსის“ ეთერში „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ ქვეყანაში საგზაო ინფრასტუქტურული პროექტების მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. 

საქართველოში, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების აქტიურად მონაწილეობის საკითხი აქტუალური პოლონეთის ელჩმა გახადა.  "მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია," - განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პოლონელი დიპლომატის განცხადების კომენტირება bm.ge-მ საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს სთხოვა, სადაც განმარტეს, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებიდან ინტერესი არის, მაგრამ საერთაშორისო ტენდერებში ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ მსხვილი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას კვალიფიკაციის და ფასის ნაწილში. თავის მხრივ, პროექტებში ქართული კომპანიების მცირე ჩართულობაზე წუხს ადგილობრივი ბიზნესის ნაწილიც.

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "ტენდერებში სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობა უნდა აიკრძალოს და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ ქართულ კომპანიებს, არამედ - ყველას".

“არაფერი კავშირი აქვს საკითხს ჩინელობასთან. დღეს ტენდერებში მონაწილეობს ძირითადად 7 ჩინური კომპანია და ისინი ძირითადად არის სახელმწიფო კომპანიები. მე მაქვს კითხვა - რომელი კომერციული კომპანია გაუწევს კონკურენციას სახელმწიფო კომპანიას?! ეს არის აბსურდი. დიახ, ეს ევროკავშირის ფულია, თუმცა ეს ფული ჩვენი გადასახდელია. ყველა ვზარალდებით. ქართულ სახელმწიფო კომპანიებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში და სხვა ქვეყნების სახელმწიფო კომპანიებს რატომ აქვთ?! ეს არის გაუმჭვირვალე ტენდერების შედეგი, რადგან ვერც ერთი ქართული თუ ევროპული კომპანია ჩინურ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევს. გამოსავალი ალბათ ერთია - ყველა სახელმწიფო კომპანიას აეკრძალოს ტენდერებში მონაწილეობა. არც ერთი ჩინური კომერციული კომპანია არ მონაწილეობს ტენდერებში. თუ ერთი მხარისთვის არის რაიმე შეღავათი, მაშინ მეორე მხარისთვისაც იგივე უნდა იყოს და ეს უნდა ეხებოდეს შეზღუდვებსაც. 

როგორც - მერიის, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ვასრულებთ დღესაც ტენდერებს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომელსაც ვწყვეტთ და ვახერხებთ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ გვაკლდება თანამშრომლები ავადმყოფობის გამო. გარდა ამისა, სომხეთში გვაქვს ტენდერი მოგებული და ვაშენებთ საკმაოდ დიდ ხიდს. ყველაზე დიდი ირონიაა, რომ ჩინელები საქართველოში აშენებენ და ჩვენ - სომხეთში. დღეს იქაც საკმაოდ დიდი პრობლემებია შესვლა-გამოსვლაზე, მაგრამ სახელმწიფო გვეხმარება“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.