მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას

5f2a822c06021
BM.GE
05.08.20 14:00
1870
საზოგადოებირივი ტრანსპორტით, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სარგებლობს, ამიტომ ვსაუბრობთ მის პრივილეგიებსა და განახლებაზე, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობასა და ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის შედეგებზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, შედარება წარმოვადგინო. დაახლოებით, ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას. წარმოიდგინეთ, გამონაბოლქვის თვალსაზრისითაც, 55 ავტომობილს რამდენი პრობლემა მოაქვს. წლების მიხედვით, თბილისში არსებული ავტომობილების 47% არის 11-დან 20 წლამდე, 44% - 20 წლის ზემოთ. გამონაბოლქვი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რაზეც საზოგადოება ძალიან წუხს და მესმის მათი, შემთხვევითი არ არის ამდენი დაავადება, ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. ჩვენ ამას აუცილებლად მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდა, რის შედეგადაც, თბილისს 454 ახალი, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსი ჰყავს, დანარჩენი - 188 ავტობუსი კი, წლის ბოლომდე შეიცვლება.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული პროექტის უპირატესობებზე ისაუბრა, რის შედეგადაც, აღნიშნულ მონაკვეთზე 70 000 მგზავრის გადაადგილება 3-ჯერ ნაკლებ დროშია შესაძლებელი, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

„მუნიციპალურ ტრანსპორტს 8 წუთი სჭირდება ვარაზისხევიდან ვაკის პარკამდე გადაადგილებისთვის, მაშინ, როდესაც საცობში გავლას 24-25 წუთი სჭირდებოდა. ეს კი, მგზავრებისთვის დამატებით პრობლემას ქმნიდა, ისინი 20-30 წუთი ელოდნენ ტრანსპორტს. ამ პრობლემას ავტობუსების დამატებით ვერ მოვაგვარებთ. პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გამო პრობლემურია. ამიტომ, ავტობუსებს უნდა ჰქონდეს თავისი ზოლი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ანალოგიური სამუშაოები ვეკუა-ხიზანიშვილის, ასევე, კანდელაკის ქუჩებზე განხორციელდა. დახაზვის სამუშაოები კი, თამარაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩებზე, ქეთევან წამებულის გამზირსა და რუსთაველის გამზირზეც გაგრძელდება.