18.ნოემბერი .2019 20:26

კახა კალაძე: პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი

views 401
უკან

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საპოლიციო ძალების მიერ პარლამენტის გარშემო ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლების შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთა. კალაძის თქმით, პოლიციამ "მაღალი პროფესიონალიზმი" გამოიჩინა. კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული და გარანტირებულია. 

"გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.

დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს.

მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.

პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს.

ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია.

მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას", - აცხადებს კახა კალაძე. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა