მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძემ ქობულეთში მდებარე სასტუმროს შენობა $10-მილიონად "არქი ჯგუფს" მიყიდა

5e3c6543ad36a
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.20 23:10
4466

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის 12 დეკემბერს $10 მილიონ დოლარად გაასხვისა შპს "კოლხეთის" აქტივების 100%-იანი წილი და ის არქი ჯგუფის ჰოლდინგს მიყიდა. დედაქალაქის მერის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში კალაძისთვის თანხის გადახდა 04.12.2019-02.12.2024-ის პერიოდში მოხდება. უშუალოდ 2019 წლის განმმავლობაში კალაძეს აღნიშნული ხელშეკრულებით თანხა არ აუღია. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "კოლხეთს" ქობულეთში ზღვის სანაპიროზე მდებარე ყოფილი სასტუმრო კოლხეთი ეკუთვნის. კომპანიის კუთვნილი მიწის საერთო ფართობი 19,767 კვადრატული მეტრია, მრავალსართულიანი ნაგებობის შიდა ფართობი კი 13,263 კვადრატულ მეტრს შეადგენს (თუმცა თავად შენობა ექსპლოატაციაში არაა და ამორტიზებულია). 

საჯარო რეესტრის დოკუმენტაციის მიხედვით, შპს "კოლხეთს" ტრანზაქციის შემდგომ სახელი შეეცვალა და მას ამჟამად "ქობულეთი რიზორთსი" ჰქვია. კომპანიის მფლობელს კი 2019 წლის 27 ნოემბერს დაფუძნებული კომპანია შპს "ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთი" ფლობს.

თავად ამ კომპანიის 85%-იანი წილის მფლობელია კომპანია "ქობულეთი კაპიტალი", რომლის საკონტროლო პაკეტიც (60%-იანი წილი) 2019 წელს დაფუძნებული შუამავალი კომპანიების ("ოუდიეს კაპიტალსა" და "ვიენბი კაპიტალს" გავლით) ეკუთვნის არქი ჯგუფის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქართული ოცნების დეპუტატ ილია წულაიას. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის ინფორმაციით, ორივე შუამავალი კომპანიაში საკუთარი წილის მართვა დეპუტატ ილია წულაიას საკუთარ ძმაზე  - თენგიზ წულაიაზე აქვს გადაცემული. 

ამასთანავე, საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ "ქობულეთი კაპიტალის" 15%-იანი წილის მფლობელი თავად თენგიზ წულაიაა. 

სასტუმროს აქტივების მფლობელი კომპანიის ამონაწერში წერია, რომ კომპანიის კრედიტორს თბილისის მერი კახა კალაძე წარმოადგენს.

"წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება კრედიტორი: კახა კალაძე, 01010001112

მოვალე: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთ, 405366802 საგანი: ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთ“-ს (ს/ნ: 405366802) გამყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება, განახორციელოს შპს „კოლხეთი“-ს (ს/ნ: 246951142) კაპიტალში 100%-იანი წილის მთლიანად ან ნაწილობრივი გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. საფუძველი: 02.12.2019წ. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება N191461794/N191461799,"
- ნათქვამია დოკუმენტში. 

სასტუმრო ქობულეთის შენობა:



სასტუმროს აეროფოტოსურათი