მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძემ თბილისის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

61adcf91459e0
BM.GE
06.12.21 12:51
567
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. მათგან ექვსი აქამდე მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი ამ პოზიციას პირველად დაიკავებს.

კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის - დავით კირკიტაძე, კრწანისის - ბექა მიქაუტაძე, ვაკის - დავით კვინიკაძე, გლდანის - ლევან ნაროუშვილი, ხოლო სამგორის - კახა სამხარაძე.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა საკრებულოს დავით უთმელიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ასევე საკრებულოს ყოფილი წევრია ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც კახა კალაძემ დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატად წარადგინა. რაც შეეხება ისნისა და ნაძალადევის რაიონებს, აქ დედაქალაქის მერმა არჩევანი გამგეობებში აქამდე დასაქმებულ კადრებზე გააკეთა. ისანში მან ნიკოლოზ ელისაშვილი წარადგინა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, გამგეობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ხოლო ნაძალადევის გამგებლად საკრებულოს ირაკლი ანდღულაძე შესთავაზა, რომელიც აქამდე გამგებლის მოადგილე იყო.

დედაქალაქის მერმა გამგებლობის კანდიდატებს წარმატება უსურვა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

„ჩვენი მთავარი დაპირება და საარჩევნო სლოგანი იყო მეტი სიცოცხლე ყველა უბანში, რაც ნიშნავს, რომ ყველა ის სიკეთე, რაც თბილისის მასშტაბით იქმნება, უკლებლივ ყველა უბანში, ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი და საგრძნობი იყოს. ამ მიზნის მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამგეობებმა კიდევ უფრო აქტიურად და ხარისხიანად იმუშაონ. სწორედ გამგებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თბილისის რაიონებში დაგეგმილი პროექტები მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს, მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს მოსახლეობასთან.

გამგებლებს, რომელთაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას, თბილისელების და პირადად ჩემი, როგორც თბილისის მთავრობის ხელმძღვანელის წინაშე აკისრიათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს მას.

თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, სწორედ თქვენი მეშვეობით უნდა მოხდეს მეტი სიცოცხლის შექმნა თბილისის თითოეულ უბანში. ამიტომ, თქვენს მიმართ პირადად მე მექნება როგორც დიდი მხარდაჭერა, ისე დიდი მოთხოვნა. წარმატებებს გისურვებთ მათ მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევთ თავს და თბილისის უკეთესი ხვალინდელი დღის შენებაში საკუთარ წვლილს შეიტანთ. ასევე დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად ყველაფერს გააკეთებთ თბილისისა და თბილისელების ინტერესების მსახურებისთვის, რათა ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა უბანში მართლაც შევიტანოთ მეტი სიცოცხლე და ერთად ვიამაყოთ ჩვენი ქალაქით და განხორციელებული პროექტებით.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მართლაც კარგი საქმეები გაკეთდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, იყო უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა, თუმცა, შევძელით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ღირსეულად გვეპასუხა ამ გამოწვევებისთვის. ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რისი გაკეთებაც შევძელით ამ ოთხი წლის განმავლობაში, თუმცა, არავინ მინდა იფიქროს, რომ თვითკმაყოფილებას ვართ მიცემული. კარგად გვესმის, თუ რამდენი პრობლემაა, რამდენი გამოწვევაა, რამდენი ინფრასტრუქტურული სამუშაოა ჩასატარებელი, რამდენ ოჯახს, რამდენ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით, სად რა საჭიროება არსებობს. მინდა ყველას წარმატება გისურვოთ. ვფიქრობ, ყველას კარგად გაქვთ გააზრებული, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო იმ რაიონის გამგებელი, სადაც მოღვაწეობთ, სადაც ოჯახით ცხოვრობთ. საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი მოლოდინი. საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რა შეგვიძლია, რისი გამკეთებლები ვართ და მერწმუნეთ, რომ ახლა უფრო მეტი იქნება მოთხოვნა. ამიტომ, მეტი ენთუზიაზმით, მეტი შემართებით 24-საათიან რეჟიმზე უნდა ვიყოთ. მაქსიმალური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, არცერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. შეიძლება იყოს ისეთი თემები, რომელსაც გამგეობა ვერ წყვეტს, მაგრამ იმისთვის ვართ ჩვენ, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები, რომ დაგეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ჭირდება თანადგომა. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მთავრობას საკრებულო ხვალ დაამტკიცებს.