მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძის 2 წელი

5dcc1bf2abdeb
სალომე მეცხვარიშვილი
13.11.19 19:40
2855
დღეს, 13 ნოემბერს ზუსტად 2 წელი გავიდა, რაც კახა კალაძე დედაქალაქის მერიაში მუშაობას შეუდგა. 2 წლის განმავლობაში და მანამდე, წინასაარჩევნო პერიოდშიც თბილისელებმა მომავალი მერისგან არაერთი დაპირება მიიღეს. კალაძის საარჩევნო პროგრამა 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგებოდა:

1- ურბანული განვითარების პოლიტიკა
2- სატრანსპორტო პოლიტიკა
3- ეკოლოგიური პოლიტიკა
4- სოციალური პოლიტიკა
5- განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა
6- ეკონომიკური პოლიტიკა
7- მართვის პოლიტიკა

რა გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის პირველ პირს ვრცლად დღეს არ უსაუბრია.

“ჩვენი მოქმედებების ყველა დღე, ყველა საათი, ყოველი წუთი, მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი უფრო მოწესრიგებული იყოს”,- თქვა დღეს თბილისის მერმა. სანამ დედაქალაქის მთავრობა თავად შეაჯამებს მუშაობის 2 წელს, მანამდე bm.ge შეეცდება საკუთარი აქცენტები დასვას.

პირველი და ყველაზე მასშტაბური მაინც სატრანსპორტო რეფორმაა, რომლის ფარგლებშიც ბოლო 2 წელში არაერთი ცვლილება განხორციელდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება დავით ნარმანიას პირობებში დაიწყო და კალაძის მერობის დროს გაგრძელდა. თბილისში სულ 650 ავტობუსი მოძრაობს, რომელთაგანაც დიდი ნაწილი, დაახლოებით, 450 ერთეული, უკვე ჩანაცვლებულია, ან წლის ბოლომდე ჩანაცვლდება. ამასთან ერთად, მერი თბილისისთვის დამატებით 100 ავტობუსის დამატებას აპირებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო შემცირდეს. მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, დღეს თბილისის ვიცემერი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა მაინც სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგებაა.

კახა კალაძემ დაიწყო ასევე ტაქსების რეფორმა, რომლის მეორე ტალღაც სულ ახლახან შევიდა ძალაში და არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. იყო კრიტიკა თავად ტაქსების მძღოლების ნაწილისა და მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მგზავრობა გაუძვირდათ. რეფორმის მეორე ტალღამ დედაქალაქში “შმაქსებიც” კი გააჩინა, რომლებიც უარს ამბობენ თბილისის მერიის მოთხოვნების შესრულებაზე - ჰყავდეთ თეთრი ფერის ტაქსი, სპეციალური მანიშნებილებით გადაადგილდებოდნენ და ა.შ. ესეც ერთგვარი პროტესტი იყო ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების საპასუხოდ. ტაქსების რეფორმის პირველი ტალღა კი, ერთი წლის წინ დაიწყო და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ(ნებართვის საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელები სრული გადასახადის 50%-ს იხდიან, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის რეგისტრაცია უფასოა) ტაქსის ლიცენზიის აღებას გულისხმობდა.

შემდეგი და საკმაოდ მძიმე თემა თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობაა. განსაკუთრებულად არის გაზრდილი მეტროს დატვირთვა და ამის ამსახველი არაერთი ფოტომასალა ვრცელდება სოციალურ ქსელში. ბოლო დროს ხშირად გვესმის მეტროში არსებული ტექნიკური პრობლემების შესახებაც - გაჩერებული ვაგონები და შეფერხებული მგზავრობა - თბილისის მცხოვრებლების ნაწილად იქცა. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს მეტროს რეაბილიტაციის პროცესი. იცვლება ვაგონები და სპეციალური კვლევაც კეთდება, რომელიც ჯერ მეტროსადგურების მდგრადობას შეისწავლის. ამასთანავე, დაანონსებულია მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტიც ლილოს მიმართულებით, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულდა და რომელსაც თბილისის მერიაში ჯერ არ გაცნობიან. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ახლა უნდა გადაწყდეს, რამდენად უღირს მერიას მისი მშენებლობა, რომელიც $150 მილიონი ჯდება.

თბილისის მერია ახლა წყვეტს, უღირს თუ არა მიწისზედა მეტროს მშენებლობა ლილოს მიმართულებით, თუმცა პარალელურ რეჟიმში უკვე დაიხარჯა ტექნიკურ ეკონომიკურ კვლევასთან ერთად თანხები მიწისზედა მეტროს პროექტირებაზე, რაშიც მერიამ მთლიანობაში 13 მილიონ ლარამდე გადაიხადა.

უკვე გაცხადებულია ისიც, რომ ასევე იგეგმება ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რის გამოც მერიას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსთან” ხელშეკრულების გადახედვა მოუწევს, თუმცა, დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა პარკინგია. ყოფილი მერის დავით ნარმანიას დაპირება კახა კალაძემ შეასრულა და კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რაც შეიძლება თბილისის ბიუჯეტს 25 მილიონიც კი დაუჯდეს, თუ დავა სასამართლოში გადაინაცვლებს. პარკინგის მოწესრიგებისა და მართვის საკითხი მერიის დაქვემდებარებაში შექმნილმა “თბილისის პარკინგმა” გადაიბარა, თუმცა რის გამოც “სითი პარკს” იწუნებდნენ, ეს პრობლემა ქალაქში დღემდე რჩება - თბილისის პარკინგს ახალი გასაჩერებელი ადგილები ქალაქში პრაქტიკულად არ შეუქმნია.

არ ამოქმედებულა არც მიწისქვეშა პარკინგები, რასაც კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა. ერთი მხრივ, მერიამ ვერ დააინტერესა კომპანიები, რომლებიც თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას მოაწყობდნენ. მეორე მხრივ კი, ვინც დაინტერესდა, საბოლოოდ მანაც უარი თქვა, მაგალითად, ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც ინვესტორმა(კომპანია იქს-2) აღარ განახორციელა.

ახალი საპარკინგე ადგილები არ გამოიყო, სამაგიეროდ შეიქმნა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე, სადაც მძღოლებს წლიური საპარკინგე გადასახადის გარდა, უწევთ დამატებით თანხის გადახდა იმის მიხედვით, რამდენი ხნით გააჩერებენ მანქანას ზემოთაღნიშნულ ქუჩებზე.
თბილისის გენერალური გეგმაც, რომელზე მუშაობაც კალაძის წინამორბედმა დაიწყო, საკრებულომ მიმდინარე წელს დაამტკიცა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო თბილისის მერიის განცხადება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში კ2 კოეფიცინტის ანუ მშენებლობის კოეფიციენტის ზრდა აიკრძალა. კალაძე აქტიური იყო სამშენებლო მიმართულებით ახალი რეგულაციების შემოღების კუთხითაც. ჯარიმები სამშენებლო მტვერზე, მტვრიან მანქანებზე, სამშენებლო ნარჩენებზე, ასევე შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლის გამკაცრება, კალაძე ზოგიერთ სამშენებლო დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივითაც კი გამოვიდა.

თბილისის მერი საკმაოდ კრიტიკულია ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მიმართც. ამ 2 წლის განმავლობაში კახა კალაძის მხრიდან არაერთხელ მოისმინა საზოგადოებამ გაფრთხილება - თბილისის მერი რიგ შემთხვევაში უკმაყოფილოა კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოთი და რამდენიმე კვირის წინ მისგან “ბოლო გაფრთხილებაც” კი მოვისმინეთ, როცა თბილისის მერმა თქვა, რომ “ბოლოსდაბოლოს უცხოურ კომპანიებს” შემოიყვანს.

კახი კალაძე პირველი მერი იყო, რომელმაც თბილისელებს ღამის ეკონომიკის განვითარება შესთავაზა და ეს სფერო სერგი გვარჯალაძეს ჩააბარა. ეს მიმართულება bm.ge-იმ ივლისში მოიკითხა. სერგი გვარჯალაძემ მაშინ განაცხადა, რომ ძირითადად მედიატორის როლი აქვთ და მათი ფუნქციაც მხარეების ერთმანეთთან დაკავშირებაა. სწორედ ამ მიზნით, მათ 300-მდე შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული. თუმცა, მაშინაც და ახლაც ღამის ეკონომიკის ფარგლებში მოსახლეობის უმეტესობას მხოლოდ ღამის ავტობუსები ახსოვს, რომლებიც პარასკევსა და შაბათს მოძრაობენ.

კალაძის მერობის პირობებში შედგენილია ასევე თბილისის საინვესტიციო პორტფელი ინვესტორებისთვის, რომელშიც შედის თბილისის ანძის განვითარების პროექტი, რადიოქალაქის პროექტი, უკვე ნახსენები მიწისქვეშა პარკინგები, “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი, თბილისის თემატური პარკი და ა.შ. აქედან პროექტების ნაწილის განხორციელება, როგორიცაა ხრუშჩოვკების 2 კორპუსის ჩანაცვლება, ასევე რადიოქალაქის მულტიფუნქციური ცენტრი, დაწყებულია. დანარჩენი პროექტებით კი, მერიას ბიზნესის დაინტერესება უჭირს.

ინფრასტრუქტრული პროექტები ის საკითხია, რომელსაც თბილისის მერი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მათ შორის ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, ასევე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია და კახეთის გზატკეცილის პროექტი.