მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს მორიგი განცხადებას პასუხობს

642149310fa74
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.23 11:48
777
PSP ჯგუფის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თავის შეფასებებში ის ეცადა რბილი ყოფილიყო.

BM.GE კახა ოქრიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი - სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი:

1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვისაც, ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს, ჩემი რეკომენდაციით, დაარსდა სპეციალური სააგენტო, რომლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი და მიიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე, რადგან მოხმარების სტატისტიკა არსებობს. სწორედ ეს უდაბლესი ფასი იქნება ყველაზე სამართლიანი.

2. მეორე ინსტრუმენტი არის რეფერენტული ფასების დაწესება, რომლის შემოღებასაც საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრია 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე.

აქვე, რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის, დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

სრულიად გაუგებარია მინისტრის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი. ვინ აწყობს საბოტაჟს - ფარმაცევტული სექტორი უწყობს საკუთარ მომხმარებელს? თუ ისაა საბოტაჟი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესის მიმართ იყენებენ მსგავს რიტორიკას: „საბოტაჟი“, „მოღალატე“, „დესტრუქციული“?!

მათი ტოტალური უცოდინრობა, გავრილოვის ჩამოყვანა, აგენტების შესახებ რუსული კანონი, ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის, ჩვენი დიდი ფარმაცევტული წარმოების პროექტის შეჩერება და ა.შ. - აი, ეს არის საბოტაჟი!

საქართველოს ფარმაცევტული ქსელები, განვითარების დონით, ლიდერები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა, ევროპაშიც, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ იტყვის, რომ კარგი მმართველები და მენეჯერები არიან. ამას შედეგები გვიჩვენებს - საქართველოს სრული რეგრესი ყველა მიმართულებით!

სხედხართ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!

ქვეყანას ბიზნესი აშენებს და ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გესმით!

ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური წამლების 200-300%-იანი ფასნამატით რეალიზებაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილმა PSP-ს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს „დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ფასნამატების შემთხვევებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. მოგვიანებით 25 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კი განაცხადა, რომ რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი და იგივე ფასი დააწესა, რაც კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის საგანია. მინისტრმა ისიც თქვა, რომ უწყებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობენ, რომლითაც სამინისტროს როგორც მარეგულირებლისა და მაკონტროლებელის როლი გაიზრდება.

27 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. სააგენტოს ცნობით მოკვლევას საფუძვლად დაედო - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.