მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ოქრიაშვილი: “მე და ცეზარ ჩოჩელმა ტრიალ მინდორზე 20 ათასი სამუშაო ადგილი შევქმენით“

5f465e0b7766f
თამუნა ქემერტელიძე
26.08.20 17:33
2446
მოქმედი პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი საკუთარი პარტიის გეგმების შესახებ პირველ კომენტარს Bm.ge-ისთან აკეთებს და ამბობს, რომ არაა გამორიცხული, ახალი პარტიაში ცეზარ და ლაშა ჩოჩელების გარდა, სხვა ბიზნესმენებიც ვიხილოთ, თუმცა პოლიტიკოსი, მათი დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

“პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბრის დასაწყისში გაიმართება და შესაძლოა, კიდევ ვიხილოთ სხვა ბიზნესმენები. სავარაუდოდ, მასშტაბური პრეზენტაცია არ გვექნება, რადგან წელს ბევრ მუნიციპალიტეტსა და ოლქში კანდიდატურას არ ვაყენებთ, ამიტომ მოკრძალებულ საარჩევნო კამპანიას ჩავატარებთ; მომავალი წლიდან კი, ფართოდ გავაღებთ კარს, ახლა კი, არ გვინდა, შემთხვევითი ხალხი მოვიდეს პარტიაში და მერე წავიდეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მოკლედ, 2021 წლიდან დავიწყებთ პარტიის სერიოზულად მშენებლობას“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

„პე-ეს-პე ჯგუფის“ დამფუძნებელი და მოქმედი დეპუტატი პარტიის - „პროგრესი და თავისუფლება“ მთავარ მიზნად სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს და ამბობს, რომ ის და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელმაც ასევე პოლიტიკაში მიბრუნება გადაწყვიტა, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც “ტრიალ მინდორზე 20 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს“.

“მე და ცეზარ ჩოჩელმა რამდენიმე საწარმო ავაშენეთ, ჩვენ ტრიალ მინდორზე შევქმენით 20 ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენ, ორმა ბიზნესმენმა ვიცით ეს საქმე, ვიცით როგორ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ფაქტია, ბიზნესგარემო საქართველოში არც ადრე იყო კარგი და არც ახლაა. კარგი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში საწარმოების ბუმი იქნებოდა... გადახედეთ, არის ბუმი?!

„100 ახალი საწარმო“, „იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა“, „მილიონი სამუშაო ადგილი“ - მსგავსი პოლიტიკური ლოზუნგი უკვე 30 წელია გვესმის, მაგრამ სადაა შედეგი?! აბა, აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ, რამდენი ახალი ბიზნესმენია საქართველოში, ვინ გამოჩნდა ბოლო რამდენიმე წელიწადში, მხოლოდ ერთი ან ორი”, - აცხადებს ოქრიაშვილი. ის საქართველოში ახალი ბიზნესმენების დეფიციტს არამიმზიდველ ბიზნეს-გარემოს უკავშირებს.

ოქრიაშვილის მტკიცებით, „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყნის პოზიციები Doing Business-ის რეიტინგში პოზიტიურია, საქართველოში რეალურად ვერც ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და ვერც ახალ კომპანიებს ვხედავთ“.

„მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ არ ვარგა ბიზნეს-გარემო. სად არის ახალი სამუშაო ადგილები ან ახალი მსხვილი კომპანიები?! კაფეებსა და რესტორნებზე არ მაქვს საუბარი... სად არიან ინვესტორები?! რომ ამბობენ, კოვიდის ბრალიაო, იქამდე რა ბუმი იყო ინვესტიციების?! პამპერსსაც კი ვერ ვაწარმოებთ და იმპორტირებულია... ანუ რაღაც აკლია ბიზნეს-გარემოს, ხომ?! არის თემურ ჭყონია და ჩვენ… თითზე ჩამოსათვლელები ვართ, ვინც წარმოებაში ინვესტიციები განვახორციელეთ”, - აცხადებს ოქრიაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ კახა ოქრიაშილი 2004 წლიდან საპარლამენტო საქმიანობას ეწევა, bm.ge-მ მას ჰკითხა, რამდენად აქტიური იყო ის ამ წლების განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით, რაზეც ბიზნესმენმა და დეპუტატმა შემდეგი პასუხი გაგვცა: „საკანონმდებლო ინიციატივა არის იურისტის თემა. მე სულ აქტიური ვიყავი, არც კრიტიკას მოვრიდებივარ არასდროს, ინციატივაც არაერთი მქონდა. ნახეთ ჩემი გამოსვლები“.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა, ძმებმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია მიმდინარე თვეში შექმნეს. პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.