მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა სამყურაშვილი გახარიას მიერ დაანონსებულ ტურიზმის დახმარების ახალ პაკეტს აფასებს

5f4d1949ccb0b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.08.20 19:20
1704
„უახლოეს დღეებში მთავრობაზე გამოვიტანთ ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით“, - ამის შესახებ დღეს მთავრობის მეთაურმა აჭარაში სტუმრობისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ტურიზმის მხარდაჭერის ახალი პაკეტის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

„ეს მხარდაჭერა ბევრად შეამსუბუქებს იმ გასაჭირს, რომლის წინაშეც დგას ტურიზმის სექტორი“, - ასე აფასებს გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებულ ინიციატივას Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი, რომელიც თვლის, რომ საერთაშორისო საზღვრების სრულად გახსნამდე სასტუმროების გადარჩენის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერაა.

"საერთაშორისო საზღვრების სრულყოფილად გახსნამდე რიგ რეგიონებში სასტუმროებს არანაირი შემოსავლის წყარო არ ექნებათ; განსაკუთრებით ეს ეხება თბილისში მდებარე სასტუმროებს, სადაც შიდა ტურიზმით ვერაფერს დააკომპენსირებენ სასტუმროები. რეგიონებში კი, შიდა ტურიზმით შედარებით შეუმსუბუქდებათ მდგომარეობა, მაგრამ სანამ საერთაშორისო ტურიზმი არ გაიხსნება და არ დაიწყებს აღდგენას, მანამდე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება რეკომენდირებული იყო, რადგან სასტუმროებს სხვა გამოსავალი არ აქვთ. ეს არ არის კრიზისი, როდესაც სასტუმროები ბიზნეს კონცეფციის ან ბიზნეს მოდელის ცვლილებით შეძლებენ რაღაცნაირად დააკომპენსირონ ის დანაკარგები, რაც აქვთ, იმიტომ რომ, უბრალოდ, სხვა საშუალება არ არის“, - განმარტავს Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი.

კახა სამყურაშვილი მიიჩნევს, რომ ტურიზმი, რომელიც წლების განმავლობაში ეკონომიკის მამოძრავებელი იყო,  ამ დახმარებას საჭიროებს.

„ეს მხარდაჭერა ბევრად შეამსუბუქებს იმ გასაჭირს, რომლის წინაშეც დგას სექტორი. ზოგადად, მოლოდინია, რომ 2021 წლისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები გადაიჭრება და ტურიზმის სექტორი დაიწყებს აღდგენას. ამასთან, საზღვრების გახსნის შემდეგ სასტუმროებს მაინც გაუჭირდებოდათ პირვანდელი მაჩვენებლების დაბრუნება. ჩვენი აზრით, ტურიზმის სექტორი აღდგენას დაიწყებს 2021 წლის გაზაფხულიდან და 2021 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებლებს, რაც 2019 წელს გვქონდა, ამიტომ ამ ეტაპზე კრიტიკულად აუცილებელია ტურიზმის სექტორის დახმარება, რადგან რაც უფრო ძლიერად გადაივლის დარგი ამ ეტაპს, მერე უფრო სწრაფად დაიწყებს აღდგენას, როდესაც ეპიდემიოლოგიური რისკები მოიხსნება“, - უთხრა BM.GE-ის კახა სამყურაშვილმა.