11.მაისი .2020 23:40

კახა სამყურაშვილი უძრავი ქონების გაიაფებას ზაფხულიდან ვარაუდობს

views 1850
უკან

ზაფხულის შუა პერიოდიდან გამოჩნდება ყველაზე კარგად ფასების ცვალებადობა - ასე უპასუხა BM.GE-ის შეკითხვას Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის შემდეგ.

BM.GE კითხვა: ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური საპროგნოზო საბაზო სცენარით, წელს უძრავ ქონებაზე ფასების 5%-იან კლებაა მოსალოდნელი, პესიმისტური სცენარით კი 15%-იანი გაიაფებაა მოსალოდნელი. როგორია გალტის პროგნოზი? როდიდან ვერ დააიგნორებს ეკონომიკას ფასები უძრავ ქონებაზე?

„პირველი 2-3 თვე ბაზარი დაელოდება, ანუ ორივე მხარე დაელოდება რა ეფექტი ექნება კოვიდ-19-ს მოთხოვნაზე, რამდენად დიდი იქნება მოთხოვნის შოკი, ეს განაპირობებს ფასების ცვლილებასაც, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ბაზარს მოუწევს დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ, ზაფხულის შუა პერიოდიდან გამოჩნდება ყველაზე კარგად ფასების ცვალებადობა.

რაც შეეხება პროცენტებს, აქ პროგნოზების გაკეთება ცოტა უმადური საქმეა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ პირობებში, როდესაც რეალურად არ ვიცით ადამიანების განწყობები რამდენად მძაფრია მომავალთან დაკავშირებით, რამდენი იქნება პროცენტული კლება. თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ ლარი გაუფასურებულია წლის დასაწყისთან შედარებით, ალბათ 10%-მდე მაინც უნდა ველოდებოდეთ დოლარში ამ კორექციას. გააჩნია ლარის კურსი საით წავა და გაჩერდება თუ არა 3.2-ზე, სადაც დღეს არის ამ შემთხვევაში“, - განმარტა კახა სამყურაშვილმა.