მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში 1-მილიონიანი ინვესტიციით თხილის დამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

5f48aca44cbc4
შოთა ტყეშელაშვილი
28.08.20 11:05
1588
კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფ. ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გახსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, კახეთის რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.

ახალი საწარმოს გახსნას  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი და 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრნენ. 

შპს „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯია“-მ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგლებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯამურად, 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან, 370,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

„თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო ადგილობრივ ფერმერებს მოემსახურება და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.
„საწარმოს შექმნაში კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საწარმოში მოხდება ხარისხიანი თხილის წარმოება და შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლებიც. შემოსავლების ზრდას და ხარიახიანი პროდუქციის წარმოებას მივყავართ დასაქმების შესაძლებლობებთან. USAID ყოველთვის მზადაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს ინიციატივებს“, - განაცხადა USAID - ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

"კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონაა, ხოლო შენახვის - 500 ტონა,"- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.