მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში, ბავშვთა კვების საწარმოში 3 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება - გიორგი ალადაშვილი

5e2eee1bed43d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.20 18:05
1682
კახეთში ბავშვთა კვების საწარმოს ასამოქმედებლად 2-3 მლნ ლარის ინვეტიციას განხორციელდება, - ამის შესახებ BM.GE-ის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ აქ წარმოებული ეკოლოგიურად ბავშვთა სუფთა კვების პროდუქტები  ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გავიდეს და ამისთვის ის პარტნიორთან ერთად, მიმდინარე წლის ივნისში საწარმოს მშენებლობას იწყებს.

„იდეა დაიბადა იქიდან, რომ ვენახებში ყურძნისგან წვენების კეთება გადავწყვიტე. მქონდა ურთიერთობა ფერმერებთან და კონსულტაციას ვუწევდი ბიოლოგიურად სუფთა ხილის მოყვანის მიმართულებით. თანდათან მე და ჩემი პარტნიორი მივხვდით, რომ გვაქვს იმის რესურსი, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ფერმერებთან ერთად, რომ ხილფაფებისა და ხილის ჩირის წარმოება დაგვეწყო. საწარმო იმუშავებს ადგილობრივი ფერმერებისგან მოყვანილი ნედლეულით და ძირითადად ყველა იმ ხილისგან დამზადებული პროდუქცია გვექნება, რაც საქართველოში გვაქვს“, - ამბობს გიორგი ალადაშვილი.

ბავშვთა კვების საწარმოს იდეის ავტორი ქარხნის განთავსების ადგილის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებები კახეთში სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 2-3 მლნ ლარის ინვესტიციის მობილიზება დაგვჭირდება. ეს იქნება როგორც ჩვენი პირადი სახსრებით, ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგვეხმაურონ, განვიხილავთ ასევე სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებსაც. ამაზე მუშაობა მიდის. აბსოლუტურად ყველა მხრიდან გვაქვს მუშაობა დაწყებული იმისთვის, რომ წელს პატარა შედეგი გვქონდეს, უკიდურეს შემთხვევაში - მომავალ წელს. მშენებლობის აქტიური პროცესი, დაახლოებით, ივნისიდან დაიწყება“, - უთხრა BM.GE-ის ბიოდინამიური მეურნეობის მფლობელმა.

მისივე ინფორმაციით, ქარხნისთვის აუცილებელ მანქანა-დანადგარებს იტალიიდან ჩამოიტანენ, თუმცა აქცენტი Hand Made-ზე გაკეთდება და მხოლოდ ამგვარი პროდუქტი გავა ევროკავშირის ბაზარზე.

„გვექნება ეკოლოგიურად სუფთა ორი ხაზი: Hand Made და ტექნოლოგიებით წარმოება, მაგრამ ხელით ნაწარმი იქნება უფრო ძვირი, ხოლო მანქანა-დანადგარების მიერ წარმოებული - შედარებით დაბალი ღირებულების.

მინდა, რომ Hand Made ნაწარმი წავიდეს ევროპაში; კონკრეტულ მიმართულებებს ჯერ ვერ დაგისახელებთ, რადგან ამ საკითხზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ ევროპაში, კონკრეტულად ბავშვთა კვების ეკოლოგიურობასთან დაკავშირებით მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, შესაბამისად, ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება, რაც ვფიქრობ ,ერთგვარი სტიმულიც არის იმისთვის, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ქართული პროდუქტი ევროპის ბაზარზე მოხვდეს“, - ამბობს გიორგი ალადაშვილი.

საწარმოს იდეის ავტორი აღნიშნავს, რომ ქარხანაში, დაახლოებით, 20-30 ადამინი დასაქმდება და ასევე ექნებათ მოხალისეთა რიგები, რომლებიც საწარმოო პროცესში ჩაერთვებიან.