მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში პირველი ბიოსფერული რეზერვატი შეიქმნება – რას გულისხმობს ეს პროექტი?

5f34f5be098ea
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 12:06
2173
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ბუნების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საუკეთესო ინსტრუმენტის შექმნის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გერმანიის მთავრობის დახმარებით ხორციელდება. 

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თუშეთში საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ადგილობრივი ხელისუფლების და თუშეთის თემების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, ომალოს, დართლოს, შენაქოსა და ჯვარბოსლის თემების წარმომადგენლებთან ერთად, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პერსპექტივები, მისი ფუნქციონირების, მართვასა და ზონირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, ეკოტურიზმის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, ტყისა და მიწათსარგებლობის, ტრადიციული ხელსაქმისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებებით.

ბიოსფერული რეზერვატი დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობები გაჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ბიოსფერული რეზერვატი არის ადგილი, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიული ინტეგრაციის მეშვეობით მდგრადი განვითარების მიღწევას ცდილობენ. როგორც ISET-ის ერთ-ერთ ბლოგში წერია, ეს შეიძლება მოხდეს მრავალმხრივი დიალოგის, ცოდნის გაზიარების, ცხოვრების ხარისხისა და ადამიანთა უნარების გაუმჯობესების მეშვეობით. ეს ის ადგილებია, სადაც ადამიანები ურთიერთშეთანხმებულად ცდილობენ მათი ინდივიდუალურობის, კულტურისა და ბუნების შენარჩუნებას; ეძებენ ახალ გზებს მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად.

ბიოსფერულ რეზერვატებს განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. ისინი მკაცრად დაცულ ტერიტორიებთან ახლოს იქმნება, რომელთაც წვლილი შეაქვთ ლანდშაფტის, ეკოსისტემების, სახეობების და გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში.