მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასკანელის“ ღვინის ექსპორტი უკრაინაში 60%-ით შემცირდა

62f78a2c5a652
მარიამ დემეტრაშვილი
13.08.22 16:00
1127
ღვინის მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ კომერციული დირექტორის, ალექსანდრე ვაშალომიძის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, კომპანიის პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 60%-ით შემცირდა. ექსპორტის შეცვლილ მაჩვენებელზე მან BMG-სთან ისაუბრა. 

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა როგორც ჩვენი კომპანია, ისე ზოგადად ღვინის ინდუსტრია, რადგან უკრაინა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამ კონფლიქტმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყანას და შესაბამისად, ექსპორტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთლიანად გაჩერებული იყო.

ახლა უკრაინა თითქოს ნელ-ნელა კვლავ იწყებს პროდუქტის შეტანას, თუმცა წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობაა - დაახლოებით 60%-იანი კლება დაფიქსირდა. ძალიან დიდი სხვაობაა რიცხვებში“, - განაცხადა ვაშალომიძემ.

როგორც "ასკანელის" კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, ომმა პრობლემები ლოგისტიკური კუთხითაც შექმნა.

„შესაბამისად, ამან გაართულა პროდუქტის მიწოდების პერიოდი და ასევე დიდი როლი ითამაშა თვითღირებულებაზეც, რადგან გაძვირდა როგორც ტრანსპორტირება, ისე სხვადასხვა მაკომპლექტებელი. შესაბამისად, პროდუქტმა ფასთა ცვლილებები ზრდის მიმართულებით განიცადა“, - აღნიშნა ალექსანდრე ვაშალომიძემ.