მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თითო ბავშვის მენიუსთვის 2,5-დან 4,5 ლარამდე თანხა განიხილება“ - UNICEF

63e4bc8783264
თათია ჩაფიჩაძე
09.02.23 23:00
760
სკოლებში უფასო კვების პროგრამის დაწყების მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მონაწილეობით იანვრის ბოლოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასკოლო კვების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება და სავარაუდოდ, ყველა კლასის მოსწავლეს დაფარავს. თითო ბავშვის მენიუსთვის 2,5-დან 4,5 ლარამდე თანხა განიხილება.

კითხვაზე, როდისთვის შეიძლება სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაიწყოს, UNICEF-ში აცხადებენ, რომ თარიღი სავარაუდოდ 2024 წლამდე გადაიწევს.

"საკითხს შემადგენელ ბლოკებად მივყვებით და თითოეულ ბლოკში  სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ. საბოლოო მოდელი ჯერ ისევ არ არსებობს, მაგრამ მიახლოებული ფორმა უკვე მიღებული აქვს. ერთ-ერთი თემა, რომელზეც შეთანხმება ამ წუთას სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს, ეს არის როგორ მოხდეს პროგრამის დანერგვა ქვეყანაში. თუ ფინანსებიდან გამომდინარე არსებობდა პილოტირების ვარიანტი, რეგიონებზე, სამიზნე ჯგუფის შემცირებაზე, ვსაუბრობდით დაწყებით კლასებზე და ა.შ. ამ ეტაპზე შეთანხებაა, რომ არ მივდივართ პილოტირების გზით და ეს იქნება ერთიანი მიდგომა მთელ საქართველოში. ოღონდ გამომდინარე ფინანსური ჩარჩოდან რამდენ კლასს მოვიცავთ პირველ ეტაპზე ამაზე ჯერ ზუსტი პასუხი არ გავქვს. იმის მიხედვით თითოეულ ბლოკში რა გადაწყვეტილებას იღებ, მთლიანად იცვლება მთელი კონტექსტი.

მენიუს თვალსაზრისით მოვხაზეთ ჩარჩო, ისევ ოთხი სხვადასხვა ტიპის ვერსიებზე ვართ, რომელთა ფინანსური ღირებულება იწყება, 2.5 ლარიდან და ადის 4.5 ლარამდე. შიგნით ვარიაციებში შესაძლებელია გაჩერება 3 - 3,5 ლარზე. საუბარია ლანჩბოქსებზე რადგან ესეც ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია. გადაწყვეტილება მიღებულია რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს სკოლების უდიდესი ნაწილი არ არის აღჭურვილი სამზარეულოთი, ამიტომ ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.

2023 წლიდან ამის დანერგვა ალბათ განსაკუთრებული მონდომების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუმცა აქ დიდი ნაწილია ლოგისტიკაზე დამოკიდებული, რომელსაც დეტალიზებული დალაგება სჭირდება. თუ დღესვე დავიწყებთ ამაზე ფიქრს, როგორ უდნა დალაგდეს, რა მომზადება სჭირდება, მაშინ შესაძლებელია იყოს 2023 წელს, მაგრამ ნებისმიერი დღის დაგვიანება ამას გადაწევს 2024-კენ იმიტომ რომ მთლიანად ქვეყანას სჭირდება საამისო მზაობა რაც ამ დროისთვის არ არის.

ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე შეთანხმებაა, რომ პარლამენტის კონსოლიდირებული წინადადება მივა განათლების სამინისტროში და შემდეგ პრემიერამდე და უახლოეს ვადებში ველოდებით ამ ზარს მათგან, იმიტომ რომ შიდა განხილვის მერე ითქვა რომ ვადა პრემიერამდე მიტანისთვის იქნებოდა მინიმალური,“ - განაცხადა “საქმიანი დილის“ ეთერში გაეროს ბავშვთა ფონდის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თამარ უგულავამ.