მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

63e1f52a106c4
გიორგი თოლორდავა
07.02.23 10:47
34232
სტიქიური უბედურების შედეგად ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თურქეთის ეროვნული ვალუტა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 18.8 ლირას მიაღწია, რაც ათწლეულის უმაღლესი მაჩვენებელია.

მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება თურქეთი-სირიის საზღვარზე მომხდარი მძლავრი მიწისძვრითაა განპირობებული, რომელმაც 5,000-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყანას კი რამდენიმე მილიარდის ეკონომიკური ზარალი მიაყენა.

რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივას, ხუთწლიან ჭრილში ლირის 80%-იანი გაუფასურება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკითა და ეროვნული ბანკის არატრადიციული მონეტარული სტრატეგიითაა განპირობებული. მაგალითად, რეკორდულად მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ბოლო შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.