მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანი - ველით თანამშრომლობის გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად

5ef0eb5a9ca9c
BM.GE
22.06.20 23:00
991
“ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველყოს კეთილდღეობა ქვეყნის ყველა რეგიონში,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობის და საზღვაო სექტორის მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იქნა განხილული, შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობას ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში. საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში წინასწარი კვლების ჩატარებას ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრის მიზნით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას. 

„აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. კერძოდ, მოახდენს ჩვენი მინერალური რესურსის, ჩვენი წიაღისეულის დეტალურ აღწერას. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ - ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ - დან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამერიკულ მხარესთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აშშ-ს ელჩმა საქართველოში დაადასტურა რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.