მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კელი დეგნანი 21 მარტს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს - ელჩის კომენტარი

62e233100dc6f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.22 10:56
1725
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 21 მარტს შეხვედრას ადასტურებს და შინაარსზე კონკრეტულ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აკეთებს.

კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის: გუშინ იურიდიულმა ფირმა „ემ ქეი დის“ მიერ გავრცელებული ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ნათქვამი იყოს, რომ ის აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ბოლოს 21 მარტს შეხვდა, თუმცა რას შეეხებოდა საუბარი აღნიშნული არ იყო.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე დღესაც არსებობს და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პარტნიორ აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები არ დაზიანდეს.