მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო მომსახურების ინტეგრაცია ცენტრალურ ბიუჯეტს განტვირთავს“

5fafeb2b351c1
ინგა მურუსიძე
14.11.20 19:10
868
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი უნდა გაიზარდოს, რაც ცენტრალური ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთის მოხსნა იქნება.

„ივნისის წყალდიდობის დროს სახელმწიფომ მიიღო ძალიან დიდი ზარალი, მათ შორის იყო ავტომობილები, ბინები, რაც ცენტრალურმა ბიუჯეტმა აანაზღაურა. ამ ქონებიდან დაზღვეული იყო მხოლოდ 5%. სულ ამას ვამბობთ, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის როლი მნიშვნელოვანია ზუსტად ასეთ სიტუაციებში. ჩვენი ხედვა არის ის, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის როლი უნდა გაიზარდოს, რაც იქნება დიდი ტვირთის მოხსნა ცენტრალური ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში სტუმრობისას.

მისივე თქმით, კერძო სექტორს არაერთხელ გამოუთქვამს ინიციატივა, რომ მოხდეს კერძო და სახელმწიფო მომსახურეობის ინტეგრაცია ჯანდაცვის პროგრამებში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს მაქსიმალურად განტვირთავს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვინმე უნდა დაგვეხმაროს, როგორც ტურიზმს ან კულტურის სფეროს. სადაზღვევო სექტორი არის სპეციფიკური და ეს იმაში გამოიხატება, რომ საყოველთაოობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვიარსებოთ. თუ პორტფელი არ არსებობს, ერთი კაცის დაზღვევით ვერ იარსებებ. განვითარებულ ქვეყნებში სადაზღვევო სფერო დგას ზუსტად სავალდებულობაზე. ნებაყოფლობითი ბაზარი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ეს ამინდს არ ქმნის. სიტყვა სავალდებულო და ზედმეტი რეგულაციები კარგი არ არის, მაგრამ ზუსტად ამით არის სფერო სპეციფიური, რომ იკვეთება როგორც სახელმწიფოს, ისე მომხმარებლების და კერძო სექტორის როლები“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორს ერთ-ერთ მაგალითად ავტომფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა მოჰყავს. მისი თქმით, ამ კანონის მიღებას მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ეფექტები ექნება.